logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"მანდილი" გაფართოებას გეგმავს

ქართული მოტივებით შექმნილი აქსესუარების საწარმო „მანდილი“ გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ „მანდილის“ თანადამფუძნებელმა ირაკლი გვასალიამ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სტენდის, ან მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით, კომპანია მოლაპარაკებებს რამდენიმე სავაჭრო ცენტრთან აწარმოებს.

"ჩვენ ვაწარმოებთ ხელჩანთებს, მანდილებს, პლედებს, ზურგჩანთებს, სუფრებს და ასევე, შეგვიძლია ნებისმიერი ტიპის შეკვეთა შევასრულოთ, მომხმარებელთა დიზაინისა და სურვილის შესაბამისად. ჩვენი პროდუქცია არის ქართული ორნამენტებით და თემატიკით და ასევე, სხვადასხვა ილუსტრაციებით. მოთხოვნა წლიდან წლამდე იმატებს და გაყიდვები წინა წელთან შედარებით დაახლოებით, 40-50%-ით არის გაზრდილი. ამ ეტაპზე, გვაქვს საწარმო თბილისში, სადაც ამავდროულად გვაქვს "შოურუმი" და ბრენდული მაღაზია. რა თქმა უნდა, გვაქვს გაფართოების გეგმებიც. უახლოეს თვეში გადაწყდება სად შევალთ სტენდის, ან ბრენდული მაღაზიის სახით. პროდუქცია ყველა საფასო კატეგორიისთვის გვაქვს. ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი არის მანდილი, თუმცა მკვეთრად მოთხოვნადია ასევე, ზურგჩანთები. უფრო მეტი მომხმარებელი ონლაინ გვყავს. ქართველებს უფრო მეტად ქართული ორნამენტებით მოსწონთ, რაც შეეხება ჩვენს უცხოელ სტუმრებს -  გვაქვს სამი ნამუშევარი, რომელიც თბილისის ილუსტრაციებით არის და ის ტურისტებისთვის  უფრო საინტერესოა.

მომხმარებლები გვყავს მთელი საქართველოს მასშტაბით და გარდა ამისა, პროდუქციაზე მოთხოვნაა საზღვარგარეთის თითქმის ყველა ქვეყნიდან.

რაც შეეხება ექსპორტს - „მანდილი“ ექსპორტზე გერმანიაში ერთხელ უკვე გავიტანეთ და თუ იქნება მსგავსი შემოთავაზება ისევ მზად ვართ ამისთვის", - განაცხადა ირაკლი გვასალიამ.

ცნობისთვის, "მანდილი"  ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა. 

გამოგვყევით