სუპერმარკეტებში, თუ საკურიერო კომპანიებში უკვე ბევრი უცხოელია დასაქმებული და ვფიქრობ, ეს ტენდენცია სხვა ტიპის "რითეილზეც" გავრცელდება, - ამის შესახებ "სიომი რითეილის" ხელმძღვანელმა რევაზ მაღალაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, კადრების დეფიციტის კუთხით მდგომარეობა უფრო მეტად მწვავდება.
"კადრების დეფიციტი გამოწვეულია იქიდან, რომ გასულ წლებში შობადობა დაბალი იყო და ასევე, მიგრაციაც საგრძნობლად გაიზარდა. გარდა ამისა, კონკურენციაც იზრდება. ბაზარზე უფრო და უფრო მეტი მოთამაშე ჩნდება. ასეთ დროს ბუნებრივია, რომ "რითეილ სექტორში" ექსპატების (სხვა ქვეყანაში საკუთარი ნებით მომუშავე ან დროებით მცხოვრები ადამიანი) რაოდენობა გაიზარდოს.
ჩვენს შემთხვევაში ეს მომენტი ჯერ არ დამდგარა, თუმცა ვფიქრობ, რომ ამისთვის მზადება უნდა დავიწყოთ. არ არის საკმარისი რაოდენობის კადრი და ერთმანეთისთვის წართმევით ეს რაოდენობა მაინც არ გამრავლდება. უნდა ვეცადოთ, რომ დავატრენინგოთ სხვა "რითეილში" მუშაობის მსურველები, რომლებმაც ქართული ენა შეისწავლეს და ა.შ. ვფიქრობ, რომ ეს გარდაუვალი პროცესია და ვინაიდან სხვა ტიპის "რითეილში" უკვე მოხდა, ჩვენთანაც მოხდება. აქ არ არის საუბარი იაფ და ძვირ მუშახელზე, ბაზარზე რაოდენობრივად არასაკმარისი კადრია. ბოლო წლებში, ჩვენს ქსელში საგრძნობლად გაიზარდა ანაზღაურება როგორც ფიქსირებული, ისე გამომუშავებული. ჩვენ დისკრიმინაციას ეროვნების მიხედვით, რა თქმა უნდა, არ ვაკეთებთ. "რითეილერები" კადრების გადამზადების პროცესს ხელს თავად შეუწყობენ. თუმცა ვინაიდან მოთხოვნა ახალგაზრდა კადრებზე რითეილში უკვე არსებობს, დაინტერესებული პირები იმისათვის, რომ დასაქმდნენ ქართული ენის შესწავლაზე ზრუნვას თვითონვე დაიწყებენ. შესაძლოა მოქალაქეობაც მიიღონ, რადგან არაერთი წელია ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი ექსპანტი ცხოვრობს", - აცხადებს რევაზ მაღალაშვილი.
ცნობისთვის, კომპანია „სინომი რითეილი" საქართველოში, კერძოდ თბილისში 2012 წლიდან „რითეილ გრუპ ჯორჯიას “სახელით ოპერირებდა, 2023 წლის თებერვალში რებრენდინგის შედეგად კომპანიას სახელი შეეცვალა.
„სინომი რითეილი“ წარმოადგენს 19 საერთაშორისო ბრენდს და ფლობს 80-ზე მეტ მაღაზიას თბილისის მასშტაბით.
2023 წლის მეოთხე კვარტალში კომპანიამ ბათუმში ეტაპობრივად გახსნა 10 წამყვანი საერთაშორისო ბრენდი, როგორიცაა: Zara, Massimo Dutti, Mango, OYSHO, Stradivarius, Kiko Milano, Sunglass Hut, Parfois, Aldo, Charles & Keith.