Mihouse მიმდინარე წელს ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს. როგორც ჰიპერმარკეტის მარკეტინგის დირექტორმა ნოდარ ჯავახიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, ახალი ფილიალი სავარაუდოდ, რეგიონში გაიხსნება.
მანვე აღნიშნა, რომ ჰიპერმარკეტი ამჟამად, ონლაინ პლატფორმის განახლებაზე მუშაობს და ახალი ფილიალის გახსნა განვითარების შემდეგი ეტაპი იქნება, რაზედაც დამატებითი დეტალები ცნობილი სულ რამდენიმე თვეში გახდება.
"Mihouse-ის შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბაზარი სტაბილურად მიმდინარეობს. ჩვენ ძალიან ხშირად ბაზარზე სხვადასხვა პროდუქციის ინოვატორები ვართ, მათ შორის, შეთავაზებებისა და სერვისების ნაწილში. ეს ტენდენცია აჩვენა, თუნდაც ახლა 26 მაისის შეთავაზებამ, რაც შემდგომ სხვა ობიექტებმაც გადაიღეს. ჩვენ მომხმარებლებს ვპირდებით იმას, რომ Mihouse მომხმარებლებს ძალიან მალე ბევრად დიდ ასორტიმენტს შესთავაზებს, მათ შორის, ვგეგმავთ ისეთი ხარისხიანი უცხოური ბრენდების დამატებას, რომელიც საქართველოს ბაზარზე მხოლოდ ჩვენს ობიექტში იქნება წარმოდგენილი. ბრენდებთან ურთიერთობა ჩვენთვის რთული არ არის და მათთვის Mihouse-ი საინტერესოა.
ამასთან, რამდენიმე თვეში სრულიად განახლებული ონლაინ პლატფორმა გვექნება, რომელიც მომხმარებლების მოთხოვნებს მაქსიმალურად დააკმაყოფილებს. გაფართოების კუთხით ასევე, ვგეგმავთ ახალი ფილიალის დამატებასაც, თუმცა დღეს ქართული ბაზარი ითხოვს გამართულ ონლაინ პლატფორმებს. კომპანიებს არ აქვთ შესაბამისი სტანდარტების მქონე პლატფორმები, რაც მომხმარებლებისთვის რთულად სამართავია", - აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი.
ცნობისთვის, "ჰუალინგ ჯგუფმა" სამშენებლო-სარემონტო და სახლისთვის საჭირო ყველანაირი პროდუქტის ჰიპერმარკეტი Mihouse 2020 წელს 15 მლნ ლარის ინვესტიციით გახსნა. ჰიპერმარკეტი ბაზარზე 1 ფილიალით არის წარმოდგენილი. კომპანიაში განმარტავენ, რომ ყველა პროდუქტი, რომელიც წარმოდგენილია ჰიპერმარკეტში, არის სერტიფიცირებული და ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს.