სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისეთ ონლაინ პლატფორმებზე ფუნქციონირება, როგორიცაა eBay, შემდგომში კი Amazon, ვნახოთ რა შესაძლებლობები მოგვეცემა. ვფიქრობთ, რომ ონლაინ პლატფორმებს 2026 წელს შევუერთდებით, - ამის შესახებ ქალისა და მამაკაცის თეთრეულის, ხალათებისა და საღამურების მწარმოებელი კომპანია "მირტის" თანადამფუძნებელმა ია იაღანაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, კომპანია აქტიურად იზრდება და მათთვის მნიშვნელოვანია როგორც ევროპის, ისე აზიის ბაზარზე შესვლა.
"აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებები საწყის ეტაპზეა იტალიელ მომწოდებლებთან, ასევე, განვიხილავთ გრძელვადიან თანამშრომლობას ჩინეთთან. 2026 წელს ონლაინ პლატფორმებს შევუერთდებით”, - აცხადებს ია იაღანაშვილი.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს - მოთხოვნა მზარდია, პროდუქცია ონლაინ იყიდება, თუმცა კომპანია, სავარაუდოდ, მომდევნო წელს ბრენდულ მაღაზიასაც გახსნის.
"კავკასიელი ეთნოსის განსაკუთრებული გემოვნება გახდა ინსპირაცია, რომ შეგვექმნა კომპანია. ჩვენი ტექსტილის ფაქტურა და გამორჩეული გემოვნების კოლექცია გულგრილს ვერ ტოვებს ქალებს, რომელთაც უყვართ ელეგანტური და დახვეწილი სამოსის ტარება ყოველდღიურობაში. კომპანიის სახელი "მირტი" ზუსტად პასუხობს იდეას - როგორც სიმბოლო მარადიული სიყვარულის და ბედნიერების, რასაც უხვად ვჩუქნით მომხმარებელს. ბაზრის კვლევამ გვაჩვენა, რომ ქალის დიდი ზომის თეთრეულის შეძენა ჭირდა. ლიმიტირებული ზომები აისახებოდა ფასის ზრდაზე, რაც აბსოლუტურად მიუღებელი აღმოჩნდა ჩვენთვის. ამიტომ, სიამაყით ვაცხადებთ, რომ ვქმნით ნებისმიერი ზომის პროდუქციას, დადგენილი, სტანდარტული ღირებულებით. ეს ფაქტი კი, კიდევ ერთხელ მიუთითებს საერთაშორისო ხარისხის სტანდარტზე. მოთხოვნა, რა თქმა უნდა, მზარდია, რაც აუმჯობესებს ხარისხს, მუშაობის ტექნიკას და გემოვნებას. ჩვენი პროდუქცია ამ ეტაპზე ონლაინ იყიდება, თუმცა ბრენდული მაღაზია მშენებლობის პროცესშია. მაღაზია თბილისში, საბურთალოზე, სავარაუდოდ, მომდევნო წელს გაიხსნება.
ჩვენი ძირითადი აქცენტი ქართველ მომხმარებელზე კეთდება, თუმცა არიან უცხოელი მომხმარებლებიც. სტატისტიკამ გვაჩვენა, რომ მცირედი პროცენტული სხვაობით ჭარბობს პირადი მოხმარებისთვის შეძენილი პროდუქცია. თუმცა, ქართველები პრაქტიკული ერი ვართ, გვიყვარს ძვირფასი ნივთებით მნიშვნელოვანი ადამიანების გახარება და სასაჩუქრე ბოქსებზეც დიდი მოთხოვნაა”, - აცხადებს ია იაღანაშვილი.
აღსანიშნავია, რომ კომპანია 2026 წელს ასორტიმენტის ზრდას გეგმავს. "მირტის" თანადამფუძნებლის ინფორმაციით, მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანია პროდუქციის ზრდის პროცესშია და 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში საბავშვო ხაზი ჩაეშვება.
ცნობისთვის, კომპანია "მირტი", რომლის დამფუძნებელი სოფია იაღანაშვილია ქართულ ბაზარზე 9 თვის წინ გამოჩნდა. კომპანია ქალისა და მამაკაცის თეთრეულს, ხალათებს, პენუარებსა და საღამურებს იტალიური, პრემიუმ ხარისხის აბრეშუმის ტიპის ქსოვილისგან აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ "მირტის" პროდუქცია, ანტიალერგიული და ტემპერატურის მიმართ მდგრადი ქსოვილისგან იკერება, რომელიც ფორმას და ფერს არ კარგავს.