მომხმარებლები, მიმდინარე პერიოდში აქცენტს საახალწლო თემატიკის სამკაულის ჩასადებზე, ზარდახშებსა და მსგავსი ტიპის სხვადასხვა ნივთებზე აკეთებენ. საუბარია, კორპორაციული შეკვეთების მიმართულებაზე.
როგორც "ანარტის" დამფუძნებელი ანი ვარდიაშვილი აცხადებს, კომპანიას რამდენიმე მსხვილი კომპანიისგან შეკვეთა უკვე აღებული აქვს და გარკვეული სახის საინტერესო შემოთავაზებებიც მიიღო.
ხელნაკეთი ნივთების დამფუძნებელი გაყიდვების შესახებაც დეტალურად საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ თვეში ფიზიკური პირების მხრიდან (თუ კორპორაციული დაკვეთა არ აქვს) დაახლოებით, 150 ნივთის რეალიზაციას ახდენს.
ანი ვარდიაშვილი კონკრეტულ ტენდენციაზეც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ ზოგადად, ქართულ ხელნაკეთ ნივთებზე მოთხოვნა გაზრდილია.
"სამკაულისთვის შესანახ ფიგურებს, ზარდახშებს, ნაძვის ხის სათამაშოებს ვამზადებ. ძირითადად თაბაშირის ფიგურებს ვქმნი, რომელიც სხვადასხვა, დიზაინისაა. ნედლეულს ნაწილს ადგილობრივ ბაზარზე ვიძენ, ნაწილს კი უცხოეთიდან ვიწერ. ნაწარმი მხოლოდ თაბაშირისგან მზადდება, არც თიხას და არც კერამიკას არ ვიყენებ.
შეკვეთებს ვერ ავუდივარ, მოთხოვნა ძალიან გაზრდილია - მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მომხმარებლის სურვილს მოვერგო. რეალიზაციის კუთხით, უფრო დეტალურად, რომ გესაუბროთ, დროს და გარემოებას გააჩნია, კერძოდ, კორპორაციული შეკვეთები გაყიდვების მაჩვენებელზე ძალიან აისახება. ზოგადად კი, ქართულ ხელნაკეთ ნივთებზე მოთხოვნა გაზრდილია. ამასთან, ჩემი ხელნაკეთი ნივთები პრაქტიკული და გამოყენებადია, შესაბამისად, ინტერესიც მაღალი გახლავთ.
კორპორაციულ შეკვეთებს, რაც შეეხება აღნიშნული მიმართულებით გარკვეული სახის შემოთავაზებები უკვე დაიწყო. დამკვეთებს ძირითადად საახალწლო თემატიკის სამკაულის ჩასადების, ზარდახშის, ან მსგავსი ხაზის მიმართულების დამზადება სურთ. ახალი წლის პერიოდში გაყიდვების რაოდენობის გაორმაგებას ველოდები, ჯერ კიდევ ნოემბერია და მოთხოვნა კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავა, ბოლო თვეში რეალიზაცია გაიზრდება", - აღნიშნავს ხელნაკეთი ნივთების მწარმოებელი.
"ანარტის" დამფუძნებელი გაფართოების საკითხსაც მიმოიხილავს და ამბობს, რომ ამ ეტაპზე, ბრენდული მაღაზიის გახსნას არ გეგმავს.
"ბრენდული მაღაზიის გახსნას, ან დიდ მოლებში სტენდის დადგამს არ ვგეგმავ, პროდუქციას სოციალური ქსელის საშუალებით ვყიდი. სამომავლოდ კი, ცხადია, გაფართოებას და ფართო მასშტაბზე გასვლას ვაპირებ", - აღნიშნავს ანი ვარდიაშვილი.
ცნობისთვის, კომპანია "ანარტი", რომელიც სამკაულისთვის შესანახ ფიგურებს, ზარდახშებს, ნაძვის ხის სათამაშოებს ამზადებს, ადგილობრივ ბაზარზე თითქმის 1 წელია ოპერირებს.