logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"მოთხოვნა სტაბილურად მზარდია - მომხმარებლებში უშაქრო პროდუქციის უპირატესობებზე ცნობიერება იზრდება" - Sugar Free

უშაქრო პროდუქტზე მოთხოვნა სტაბილურად მზარდია. მომხმარებლებში იზრდება უშაქრო პროდუქციის უპირატესობებზე ცნობიერება, -, ამის შესახებ უშაქრო ტკბილეულის პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის, Sugar Free-ის დამფუძნებელმა რუსო კვანტალიანმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, 2025 წელს ბრენდმა საკუთარი ნიშა მკაფიოდ დაიკავა ბაზარზე და გარდა იმისა, რომ გაიზარდა ინდივიდუალური შეკვეთები, მკვეთრად გაძლიერდა B2B მიმართულებაც.

"2025 წელი Sugar Free-თვის სტაბილური ზრდისა და განვითარების თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წელი იყო. ამ წელს მკვეთრად გაიზარდა მენიუ, დაგვემატა ახალი კატეგორიები. ჩვენ მომხმარებლები როგორც კორპორატიული სეგმენტი, ისე საცალო მომხმარებელია. ეს უკანასკნელი ბევრად უფრო დიდ სეგმენტს წარმოადგენს. 

დაგვემატა პროდუქტის ახალი კატეგორიები, რომლებიც მორგებულია მომხმარებლის სხვადასხვა საჭიროებებზე. ამასთან, დაიხვეწა შეფუთვა და პროდუქტების ვიზუალური იდენტობა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო არა მხოლოდ ბრენდის განვითარებისა და ბაზარზე მისი მკაფიო პოზიციონირებისთვის, არამედ მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებისთვის", - აცხადებს რუსო კვანტალიანი.

რაც შეეხება გამოწვევებს - როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, მთავარ გამოწვევას ნედლეულის ფასის მუდმივი ზრდა წარმოადგენს.

"ნედლეულის გაძვირება პირდაპირ აისახება პროდუქციის თვითღირებულებაზე და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებას ართულებს. ასევე, გამოწვევაა სკეპტიკური მომხმარებლის დარწმუნება - რომ უშაქრო პროდუქცია არ ნიშნავს გემოს კომპრომისზე წასვლას", - აღნიშნა მან.

გამოგვყევით