logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

მზარდი მოთხოვნა და ბოლოდროინდელი ტენდენციები ყვავილების ბიზნესში  - "ამელი" ქართული ბაზრის სპეციფიკაზე

ყვავილების მაღაზია „ამელის“  კოლექციაზე მოთხოვნა გაიზარდა. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ნუკა ჩოხელი ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, 2023 წელს ,,ამელიმ“ მილიონი თაიგული გაყიდა და წელს ამ მაჩვენებლის გაზრდა იგეგმება. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით ახალი კოლექცია შეიქმნა.  

ნუკა ჩოხელი ყვავილების ბაზრის სპეციფიკაზეც საუბრობს. რაც შეეხება სიახლეს, ,,ამელის“  მიერ   სიყვარულის დღესადმი მიძღვნილი კოლექცია  გაყიდვაში 31 იანვარს ჩაეშვა.

,,პოსტპანდემიური პრობლემა მთლიანად გადავლახეთ, ყვავილებზე მზარდი მოთხოვნაა. ამ მხრივ, 2023 წელი ერთ-ერთი გამორჩეული იყო, მილიონი თაიგული გავყიდეთ და ამ მაჩვენებელს 2024 წელს კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ.  ამ ეტაპზე მთლიანად ვალენტინობის დღისადმი მიძღვნილ კოლექციაზე ვართ გადართული, რომელიც უკვე გაყიდვაშია.  ჩვენი მომხმარებლები ჩასაფრებული არიან და ყოველთვის ელოდებიან, რომ ამ დროს განსხვავებული კოლექცია დაიდება. ყოველთვის ვასწრებთ ხოლმე თებერვალს. სანამ დღესასწაული დადგება, გვინდა, მომხმარებლები წინასწარ გაეცნონ კოლექციას, რომლისთვის  წელს ძალიან მარტივი დიზაინი შევქმენით , რაც ტრენდულია მსოფლიოში - წითელი გული. თუმცა მომხმარებლამდე განსხვავებული ფორმატით მივიტანთ. ისეთი თაიგულია, რომელსაც  ქალბატონიც და მამაკაციც სიამოვნებით დაიჭერს ხელში და საყვარელ ადამიანს აჩუქებს. ჩვენი ნამუშევრით კმაყოფილი ვართ“, - აცხადებს ნუკა ჩოხელი.

რაც შეეხება ახალი კოლექციის ფასს, როგორც ,,ამელის“ თანადამფუძნებელი აღნიშნავს, მაქსიმალურად შეეცადნენ, რომ ხელმისაწვდომი იყოს, ამიტომ მათ მიერ წარმოდგენილი ვარდები, სხვა მაღაზიების ფასებისგან მცირედით განსხვავდება.

,,სადღესასწაულო ყვავილების ნაწილში ფასები ტრადიციულად მზარდია. იმპორტზე მომუშავეებს ყვავილები გვიძვირდება.  თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სხვაობა  მომხმარებლისთვის არ იყოს თვალშისაცემი, საშუალოდ ერთი ვარდის ღირებულება, (ჰოლანდიური და არა სომხური ან  აზერბაიჯანული), სადღესასწაულოდ 11-12 ლარი ღირს.  ჩვენი სადაზღვევო რისკების შეფასება გვეხმარება, რომ ძალიან არ გაგვექცეს  ფასი და ზედა ზღვარი კარგ ვარდზე 12 ლარის ფარგლებში შევინარჩუნოთ“, - განმარტავს ნუკა ჩოხელი.

,,ამელის“ თანადამფუძნებელი ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ძირითადი სეგმენტი ბაზარზე გარემოვაჭრეებს უჭირავს.

,,საქართველოში ყვავილების ბაზარი ძალიან მცირეა. ძირითადი სეგმენტი გარემოვაჭრეებს აქვთ დაკავებული, რომლებსაც ყვავილები თურქეთიდან და სომხეთიდან შემოაქვთ. ჩვეულებრივ პერიოდში მათ მიერ ბაზრისთვის შეთავაზებული ფასები საკმაოდ ერთი შეხედვით იაფია, თუმცა სადღესასწაულო პერიოდებში ყვავილებს ფაქტობრივად ორმაგ ფასში ყიდიან. ჩვენი ნიშა განსხვავებულია, საშუალო და მაღალი კატეგორიის სეგმენტზე ვმუშაობთ და აქტიური გაყიდვების ტრენდს ვინარჩუნებთ", - აცხადებს ნუკა ჩოხელი.

შეგახსენებთ, რომ ყვავილების მაღაზია „ამელი“, ფალიაშვილის 68 ნომერში მდებარეობს და ბაზარზე 9 წლის წინ გამოჩნდა. კომპანიაში სრულ განაკვეთზე 16 თანამშრომელი მუშაობს, ღონისძიებების დაგეგმვისას კი „ამელი“ დამატებით 50 ადამიანს ასაქმებს.

გამოგვყევით