logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"კულამ" საქართველოში არსებული გერმანული კომპანია HIPP-ის საწარმო იყიდა - პროექტში ჯამური ინვესტიცია $4 მლნ-ია

საკონსერვო  წარმოება "კულამ" საქართველოში არსებული ბავშვთა კვების მწარმოებელი გერმანული კომპანია HIPP-ის აქტივები - საწარმო და საწყობი იყიდა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ვანო გოგლიძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, საწარმო ქარელის რაიონის სოფელ აგარაში მდებარეობს, საწყობი კი ხაშურში. შედეგად, "კულა"  ხილფაფებისა და ბიო წვენების წარმოების 50%-ით გაზრდას გეგმავს.  

გოგლიძის ინფორმაციით, "კულა" აღნიშნულ პროექტში, 4 წლის განმავლობაში, დაახლოებით 4 მილიონი დოლარის  ღირებულების ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. კითხვაზე -  HIPP-ის ქარხნიდან რა ბრენდით გამოუშვებს  "კულა"  ხილფაფებსა და ბიო წვენებს, გოგლიძე აცხადებს, რომ პროდუქცია ბაზარზე "კულას" სახელით გაიყიდება, რადგან  HIPP-სგან მხოლოდ აქტივების შეძენა მოხდა და არა სახელის. 

"ვაშლის მიღებას და გადამუშავებას წელს დავიწყებთ, თუმცა, 2026-2027 წლებში ქარხანა სრული სიმძლავრით დაიწყებს ფუნქციონირებას. საწარმოს დაახლოებით 7 წელია არ უმუშავია, შესაბამისად, დაგეგმილია მისი მოდერნიზება, რემონტი,"-აცხადებს ვანო გოგლიძე. 

კომპანიის დამფუძნებელი არ გამორიცხავს, სამომავლოდ HIPP-ის ქარხანაში ბავშვთა კვების ხაზიც ამოქმედდეს. 

კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზოგადად,  "კულას" გაყიდვები დაახლოებით, 10-12%-ით გაიზარდა. მიმდინარე წელს კი, კომპანია მალაიზიის, სინგაპურისა და იაპონიის ბაზარზე გასვლას გეგმავს.

შეგახსენებთ, საკონსერვო წარმოება "კულა"  ნედლეულის 95%-ს ადგილობრივი ფერმერებისგან და გლეხებისგან იბარებს. კომპანია 2009 წლიდან არსებობს და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით გამოირჩევა. ამჟამად "კულას" აქვს 5 საწარმო, აქედან, 4 გორში და 1 ახალციხეში მდებარეობს. კომპანიას თავისი პროდუქცია დაახლოებით, 28 ქვეყანაში გააქვს.

რაც შეეხება ბავშვთა კვების მწარმოებელ გერმანულ კომპანია HIPP-ს, მისი წარმომადგენლობა საქართველოში წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა.   კომპანიის საკუთრებაში იყო ქარხანა, რომელიც  ბავშვთა კვებისთვის ნედლეულს ამუშავებდა და ექსპორტზე გაჰქონდა. ეს მიმართულება  ბოლო რამდენიმე წელია საკმარისი ნედლეულის არ არსებობის გამო შეჩერებული იყო. 

გამოგვყევით