logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ნედლეულს, როგორც ევროპული, ასევე ადგილობრივი ბაზრიდან ვყიდულობთ" - "ტროპიკალი"

დეკორატიული სანათების მწარმოებელი კომპანია "ტროპიკალის" გიორგი თოფურიას ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით, 40%-ით გაიზარდა.

როგორც გიორგი თოფურიამ "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, გაყიდვების ზრდა, კმაყოფილ მომხმარებელს უკავშირდება.

"პირველ რიგში, კომპანია "ტროპიკალი" სიახლეა საქართველოსთვის, ანუ განვსხვავდებით კონკურენტებისგან, სხვა ნიშა გვაქვს. კერძოდ, ჩვენი სანათები ცოცხალი მცენარეებისგან შედგება, უმეტესად ტროპიკულ მცენარეებს მოიცავს და რაც მთავარია, ეკო მეგობრულია.  ჩვენს სანათში, სხვადასხვა, სახის ცოცხალ მცენარეებს დაინახავთ, რაც ძალიან შთამბეჭდავია. ქილას, სადაც მცენარეებია მოთავსებული სპეციალური საჰაერო აქვს, რომ მცენარემ ისუნთქოს. ამასთან, პროდუქტი ხელნაკეთია, თავიდან ბოლომდე საკუთარი ხელებით ვაწყობთ და ამ ეტაპზე, აქტიურად 2 ადამიანი ვართ დასაქმებული", - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

გიორგი თოფურია "ბიზნესპარტნიორთან" ნედლეულის შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ პროდუქტის ძირითად ნაწილს ევროპიდან ყიდულობს. 

"ნედლეულს, როგორც ევროპული, ასევე ადგილობრივი ბაზრიდან ვყიდულობთ. კერძოდ, ტროპიკული მცენარეები ევროპიდან ჩამოგვაქვს, ხოლო უშუალოდ სანათი და სხვა საჭირო მასალები ადგილობრივი ბაზრიდან მოგვაქვს. ამჟამად, პროდუქტს ონლაინ ვყიდით, მოთხოვნიდან გამომდინარე გაფართოებაზე შემდეგ ეტაპზე ვიფიქრებთ. უმეტესად პროდუქტს საშუალო ასაკის და ახალგაზრდა სეგმენტი ყიდულობს. ფასებს რაც შეეხება, 150-დან 200 ლარამდე მერყეობს, ამასთან ფასდაკლებებიც გვაქვს. უკვე გითხარით, რომ გაყიდვების ზრდა გვაქვს, რასაც აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას ვუკავშირებ, გაყიდვების დროს, ვფიქრობ, სხვადასხვა, აქტიურ ჩართულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და რა თქმა უნდა, კმაყოფილი მომხმარებელი უპირველესია", - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, დეკორატიული სანათების მწარმოებელი კომპანია "ტროპიკალი" ბაზარზე 1 წელია ოპერირებს. 

გამოგვყევით