"ნოვა" 2025 წელს წარმოების მიმართულებების გაძლიერებისთვის 500 000 დოლარის ინვესტორებას გეგმავს, რაც, მათ შორის, შავი მეტალის საწარმოს გაფართოებას გულისხმობს, - ამის შესახებ სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია „ნოვას“ დირექტორმა ედიშერ ხიმშიაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, კომპანია სახურავის, ავზების და სხვადასხვა მიმართულების დანადგარების დამატებას განიხილავს.
"წარმოების მიმართულებების გაძლიერების გადაწყვეტილება მივიღეთ იმის გამო, რომ ის რესურსები, რაც დღეს გვაქვს, საკმარისი არ არის. მოთხოვნა გაცილებით დიდია. წინა წელთან შედარებით, კომპანიის გაყიდვები, დაახლოებით, 15%-მდე გაიზარდა. აღნიშნულის მიზეზი კი გარკვეული მიმართულებების დამატება, განსაკუთრებით კი შავი მეტალის მიმართულების ამოქმედება იყო. ბათუმში შავი მეტალის საწარმოს გაფართოების შემდეგ ჩვენი წარმადობა გაორმაგდება. ამჟამად, თვეში 1500 ტონას ვაწარმოებთ, ხოლო აპრილიდან აღნიშნული მაჩვენებელი, სავარაუდოდ, 3000 ტონა იქნება", - აცხადებს ედიშერ ხიმშიაშვილი.
გარდა ამისა, კომპანია 2025 წელს ფრენჩაიზით საქართველოს მასშტაბით კიდევ 2 ფილიალის დამატებას გეგმავს, თუმცა ამ ეტაპზე ლოკაციები გადაწყვეტილი არ არის.
"გასულ წელს ფრენჩაიზით 2 ფილიალი დავამატეთ. ერთი - ჭიათურაში და მეორე - ახალციხეში. ამ პოლიტიკის გაგრძელებას წელსაც ვაპირებთ. 2025 წელს, რამდენიმე ქალაქი გვაქვს, სადაც ვგეგმავთ ფრენჩაიზით ახალი ფილიალების გახსნას", - აღნიშნა მან.
ედიშერ ხიმშიაშვილის ინფორმაციით, კომპანიის ძირითადი მომხმარებლები კორპორატიული სეგმენტია, რომელთა წილი მთლიან გაყიდვებში 70%-ს შეადგენს.
ცნობისთვის, "ნოვას" 7 საკუთარი ფილიალი და 2 ფრენჩაიზი აქვს. სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია - „ნოვა“ საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: NIPPON PAINT-ის ჯგუფი - BETEK, FAWORI; SAINT GOBAIN-ის ჯგუფი - IZOCAM, RIGIPS; INGCO; BIEN.