logo
Loading data...

ნოვა ტური: გერმანიის ტურებზე, მოთხოვნა საქართველო-საბერძნეთის მატჩის დასრულებისთანავე, გააქტიურდა

ნოვა ტური: გერმანიის ტურებზე, მოთხოვნა საქართველო-საბერძნეთის მატჩის დასრულებისთანავე, გააქტიურდა

1711526600

EURO2024-ის საქართველოს მატჩებზე დასასწრებად ყველას ვურჩევთ დაიჭირონ თადარიგი და დროულად შეიძინონ როგორც ავიაბილეთები, ასევე სასტუმრო, - ამის შესახებ ტურისტული კომპანია "ნოვა ტურის" დამფუძნებელმა მამუკა ჯიქიამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, კომპანია გერმანიის მიმართულებით ინდივიდუალური და ჯგუფური ტურების შედგენას იწყებს.

"ზოგადად, როდესაც გარკვეული მიმართულებით რაღაც პროდუქტზე მოთხოვნა იზრდება, ეს პირდაპირ აისახება ფასებზე. ძალიან დიდი, მსოფლიო მასშტაბის საფეხბურთო ფორუმია, სადაც ევროპის მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნიდან იკრიბებიან და ცხადია, გერმანიის ქალაქებშიც ფასები გაიზრდება. ჩვენი კომპანია ამ მიმართულებით მუშაობს. ჩვენც ადაპტაციას გავდივართ მოთხოვნიდან გამომდინარე და უახლოეს ხანში გვექნება მომხმარებლების მოთხოვნებზე ორიენტირებული პროდუქტი.

თამაშის დასრულებისთანავე, ღამის საათებშიც იყო მომართვიანობა და ბუნებრივია, რომ ეს კიდევ უფრო გაიზრდება.

რაც უფრო ბევრი ახალი მიმართულება და მოთხოვნა ჩნდება ტურისტულ კომპანიებს ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები უჩნდება და ცხადია, ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებითად აისახება სექტორზე", - განაცხადა მამუკა ჯიქიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ერთად ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე ასეთია: 18 ივნისი, ქალაქი დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“ - თურქეთი – საქართველო; 22 ივნისი, ქალაქი ჰამბურგი, „ვოლკსპარშტადიონი" - საქართველო – ჩეხეთი; 26 ივნისი, ქალაქი გელზენკირხენი, „არენა აუფ შალკე“ - საქართველო-პორტუგალია.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით