ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტების ამოქმედებიდან 8 თვის შემდეგ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დაახლოებით 6000-მდე სამშენებლო ნებართვაა გაცემული. „ენერგოეფექტურობის ცენტრის“ ხელმძღვანელის ინფორმაციით, ეს ნიშნავს, რომ აღნიშნულ პროექტებში გათვალისწინებულია ენერგოეფექტურობის მოთხოვნები.
„ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტების ამოქმედებით უშუალოდ რა შედეგები დადგება, გახდება ცნობილი მას შემდეგ რაც შენობები დასრულდება, ჩაბარდება ექსპლუატაციაში და მოსარგებლეები დაიწყებენ ენერგიის მოხმარებას. აქედან გამომდინარე, რეალური ფაქტები დადგება დაახლოებით წელიწადნახევარში“,-აღნიშნა გიორგი აბულაშვილმა.
მისივე განმარტებით, ახალმა რეგულაციამ ბიზნესს საინვესტიციო ხარჯი გაუზარდა.
„ბიზნესისთვის ნებისმიერი დამატებითი რეგულაცია მოითხოვს კონკრეტული უნარ-ჩვევების გაძლიერებას და ხარჯებს. თუმცა ეს ხარჯები საინვესტიციო ხარჯების 3-5% შეიძლება იყოს. რაც გასაყიდ ფასში რადიკალურ ცვლილებას არ იწვევს, მაგრამ ძალიან დიდ შედეგს აძლევს შენობით მოსარგებლეს. საბოლოო ჯამში ენერგოეფექტურ შენობაში საექსპლუატაციო ხარჯები იმდენად შემცირდება, რომ მნიშვნელოვან დადებით შედეგებს მოიტანს.“-აღნიშნა გიორგი აბულაშვილმა.
ცნობისთვის, ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტები ძალაში 2023 წლის 1 ივლისიდან შევიდა. რეგულაცია ეხება ყველა ახალ შენობას, განურჩევლად საკუთრების ფორმისა. თუ კერძო ან საჯარო დანიშნულების შენობა 50 კვადრატულ მეტრზე მეტია, მან ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს.