ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ახალი წლის პერიოდში, ჯავშნების 70% გაგვიუქმდა, - ამის შესახებ სასტუმრო Griffin-ის გენერალურმა მენეჯერმა თამარ ფილიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, საახალწლო პერიოდში ყველაზე მეტი ჯავშანი სომხეთიდან იყო.
"ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, რა თქმა უნდა, ჩვენი სასტუმროს მუშაობაზე უარყოფითად აისახა. გაგვიუქმდა ჯავშნები, თუმცა გარკვეულწილად მზად ვიყავით და ვერ გეტყვით, რომ გაგვიჭირდა მიმდინარე სიტუაცია გადაგველახა. ვფიქრობ, რომ სასტუმროებმა თავის გადარჩენა ისწავლეს. ჩვენ თავს არ ვზოგავთ იმისთვის, რომ გაყიდვებისთვის ახალი ხერხები შევიმუშაოთ.
რაც შეეხება მომდევნო თვეებს - ზოგადად, ტურიზმისთვის თებერვლის თვე დაბალი სეზონია და ახალი წინასწარი ჯავშნები ძირითადად, მარტი-აპრილის პერიოდისთვის შემოგვდის. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი ჯავშნების წილი ამ ეტაპზე 20%-ს შეადგენს, მაინც გამიჭირდება თქმა როგორი გაზაფხულის სეზონი გვექნება. ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, რადგან ბიზნესები და განსაკუთრებით ტურიზმის სექტორი ყველანაირ პროცესზე ძალიან სენსიტიურად რეაგირებს.
ჩვენი მომხმარებლები ძირითადად უცხოელები არიან, მათი წილი დაახლოებით, 85%-ია. მათ შორის, ისრაელიდან, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან და ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან. მაგალითად, ახალი წლის პერიოდში პირველ ადგილზე სომხეთი იყო, მეორეზე - აზერბაიჯანი და მესამეზე - თურქეთი", - აცხადებს თამარ ფილიშვილი.
ცნობისთვის, თბილისში სასტუმრო Griffin-ი ქალაქის ძველ უბანში 2024 წელს გაიხსნა. სასტუმროს მშენებლობისთვის 6 მლნ. ლარის ინვესტიცია განხორციელდა და ობიექტი 18 სასტუმრო ნომერს მოიცავს.