ქართულმა ბრენდმა Nickola's-მა ახალი კოლექცია შექმნა, რომლის ინსპირაცია ქვეყანაში განვითარებული მოვლენები გახდა.
როგორც ბრენდის დამფუძნებელი, ნიკოლას ქანთარია "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, აღნიშნული ახალი პროდუქტი არის "ჰუდი", რომლის გაყიდვებმა სხვა კოლექციების რეკორდი 24 საათში მოხსნა. მისივე განმარტებით, "ჰუდის" წინა მხარეს საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტია დატანილი, ხოლო უკანა მხარეს ბრენდის ლოგო.
ნიკოლას ქანთარიას შეფასებით, პასპორტი ძალიან ბევრ რამესთან ასოცირდება, მათ შორის, ემიგრაციასთან და ევროპულ მომავალთან, რომლის გამოც დღეს ადამიანები ქუჩაში დგანან და იბრძვიან.
"მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ყველა ის პროექტი, რომელიც ჯერ კიდევ 2024 წელს უნდა განგვეხორციელებინა დავაპაუზეთ და სავარაუდოდ, არც 2025 წლის პირველ ნახევარში არ განვახორციელებთ. აღნიშნულის მიზეზი ქვეყანაში განვითარებული მოვლენებია. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოქმედებს როგორც ჩემს, ისე საზოგადოების განწყობა და სწორედ ამიტომ მივიღე პროექტების დაპაუზების გადაწყვეტილება. თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვფიქრობდი ახალ ხაზზე, რომელიც ქართული მოტივებით იქნებოდა შექმნილი და სწორედ ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა მომცა ინსპირაცია შემექმნა ახალი პროდუქტი - ეს არის "ჰუდი" საქართველოს პასპორტის "პრინტით".
ვფიქრობ, რომ სიმბოლოები, რომელიც საქართველოს პასპორტზეა დატანილი ძალიან ქართულია, ხოლო მისი ფერი "ტრენდული". აღნიშნული პროდუქტი რამდენიმე დღის წინ ჩავუშვი გაყიდვაში, არის ორი ფერის - თეთრი და შავი და ხელმისაწვდომია ყველა ზომა.
ჩვენ მინიმალისტური დეტალებით ვქმნით ორიგინალურ ნამუშევარს, რომელსაც მოქალაქეებისთვის თავისი სიტყვა აქვს სათქმელი. აღნიშნულმა პროდუქტმა წინა კოლექციების გაყიდვების რეკორდი ზუსტად 24 საათში მოხსნა. შეიძლება ითქვას, რომ ახალმა ხაზმა გაამართლა და ძალიან მიხარია. 6 დღეა გაყიდვაშია და სრული საგიჟეთი მაქვს. ყველაზე რეიტინგული პროდუქტი გახდა", - აცხადებს ნიკოლას ქანთარია.