დაზღვევის კავშირის ხელმძღვანელის, ლაშა ნიკოლაძის შეფასებით, ამჟამად საქართველოში ყველაზე მოთხოვნად პროდუქტად კვლავ სამედიცინო დაზღვევა რჩება.
როგორც ლაშა ნიკოლაძე გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში დაზღვევის კულტურა გაიზარდა, ბევრი მოქალაქისთვის დაზღვევა ჯერ კიდევ არ არის პრიორიტეტულ საჭიროებებს შორის და შესაძლოა, პირველ ათეულშიც კი არ შედიოდეს.
"დაზღვევის კულტურის შესახებ მოსახლეობის ცნობიერება დღეს გაცილებით მაღალია, ვიდრე ხუთი წლის წინ, თუმცა არსებობს გარკვეული გარემოებები, რომლებიც ამ მიმართულებით ზრდას აფერხებს. მაგალითად, დღეს ადამიანის საჭიროებაში დაზღვევა პირველ ადგილზე კი არა, შეიძლება პირველ ათეულშიც არ იდგეს. ზოგადად, დაზღვევის ყველაზე დიდი მომხმარებელი მდგრადი საშუალო ფენაა", - აცხადებს სექტორის წარმომადგენელი.
დაზღვევის კავშირის ხელმძღვანელი სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ საუბრისას აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი კვლავ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა სავალდებულო დაზღვევაა.
"ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კვლავ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებაა. ეს სადაზღვევო ინდუსტრიას შესაძლებლობას მისცემდა, განვითარების უფრო მაღალ ეტაპზე გადასულიყო და სექტორი გაცილებით მიმზიდველი გახდებოდა. ჩვენმა მეზობელმა ქვეყნებმა ამ მიმართულებით გაგვასწრეს. მათ არა მხოლოდ ადგილობრივი სავალდებულო დაზღვევა აქვთ, არამედ საერთაშორისო მწვანე ბარათის (საერთაშორისო სადაზღვევო სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ ავტომობილის მფლობელს სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა აქვს) მონაწილეები გახდნენ. იმედი გვაქვს, ამ სტანდარტს საქართველოც მალე გაუთანაბრდება. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ადგილობრივი სავალდებულო დაზღვევის დანერგვა ქვეყნებს საერთაშორისო მწვანე ბარათის სისტემაში გაწევრიანების შესაძლებლობას აძლევს. ჩვენი სადაზღვევო ინდუსტრია ამ ცვლილებებისთვის მზადაა", - აღნიშნავს ლაშა ნიკოლაძე.
ამასთან, სექტორის წარმომადგენელი საქართველოში მოქმედ სადაზღვევო კომპანიებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ბაზრის ლიდერებს შორის უჩვეულო გადაადგილება დაფიქსირდა. კერძოდ, პირველი ადგილის პოზიცია "იმედი L-მა" დაიკავა.
"პირველ კვარტალს რაც შეეხება, უნიკალურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ბაზრის ლიდერებს შორის ისეთი გადაადგილება დაფიქსირდა, რაც ჩემს სადაზღვევო პრაქტიკაში არ მახსენდება. მესამე ადგილიდან პირველ პოზიციაზე დაწინაურების კუთხით, ეს მართლაც გამორჩეული მოვლენაა. დაზღვევა საკმაოდ კონსერვატიული ბიზნესია და მსგავსი ცვლილებები ხშირად არ ხდება. კომპანია, რომელიც ამჟამად პირველ ადგილზეა - "იმედი L" ახალი მენეჯმენტის პირობებში ახალი სტრატეგიით ოპერირებს. ეს შედეგი მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევისა და სამედიცინო ტენდერებში გამარჯვებებით არ არის განპირობებული. კომპანიამ აქტიურად დაიწყო ყველა სახის სადაზღვევო პროდუქტის გაყიდვა. ნებისმიერ შემთხვევაში, კონკურენციის ზრდა მისასალმებელია", - აღნიშნავს ლაშა ნიკოლაძე.
შეგახსენებთ, 2026 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სადაზღვევო კომპანიები მოგება გაიზარდა და 94 მილიონ ლარს გაუტოლდა. ამავე პერიოდში კომპანიების წმინდა მოგება 31 მილიონი ლარი იყო. მზღვეველების მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ 521 მილიონი ლარი შეადგინა. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკის თანახმად, სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა 1.8 მილიარდ ლარს აჭარბებს, ხოლო კაპიტალი 528 მილიონ ლარია.