logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ქართულ ონლაინ კომერციის ბაზარზე TEMU-მ ბაზრის დიდი ნაწილი დაჩრდილა, თუმცა გამოსავალი მისი შეზღუდვა არ არის"- ლევან მოლაშვილი

პრობლემა ნამდვილად არსებობს. ქართულ ონლაინ კომერციის ბაზარზე ძალიან გაიზარდა კონკურენცია და TEMU-მ ბაზრის ძალიან დიდი ნაწილი დაჩრდილა. გამოსავალი ვფიქრობ, რომ შეზღუდვა არ არის. TEMU-სთვის შეზღუდვა ნიშნავს იმას, რომ პლატფორმას უნდა დაეკისროს დამატებითი გადასახადები, ე.წ. საიმპორტო ტარიფები, რაც პრაქტიკულად მას არაკონკურენტულ სიტუაციაში ჩააგდებს, - ამის შესახებ ონლაინ კომერციის ასოციაციის პრეზიდენტმა, ლევან მოლაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე თქმით, გამოსავალი არის განათლების ამაღლება მეწარმეებში, რათა TEMU-ს მსგავსად ეფექტურები გახდნენ. 

"რეალურად, TEMU თუ კარგად მუშაობს ეს დამსახურებაა მისი ძალიან კარგი ტექნიკური მხარის. ეს არის სრულიად ახალი თაობის პლატფორმა და ამ შემთხვევაში ამ პლატფორმის შეზღუდვა ნიშნავს - დავუწესოთ გადასახადი, რომელსაც გადაიხდის მომხმარებელი. გამოდის, რომ ამით ჩვენ ერთის მხრივ ვიცავთ იმპორტიორების ვიწრო ჯგუფს და მათ სასათბურე პირობებში ვაგდებთ. საბოლოო ჯამში, მომხმარებლებს მოუწევს იმ დამატებით ტარიფების გადახდა, რომელიც დაწესდება TEMU-ს მიმართ. 

ვფიქრობ, რომ თუკი რაიმე ინტერვენცია არის საჭირო ეს უნდა გულისხმობდეს განათლების ამაღლებას მეწარმეებში და მათთვის გარკვეულწილად წვდომის გახსნას, რადგან მათ ტექნიკურად ცოდნა ჰქონდეთ და რაც გააკეთა TEMU-მ ის გააკეთონ - სატრაილერო გადაზიდვა ჩართონ, შეამცირონ გადაზიდვის თვითღირებულება და უფრო ეფექტურები გახდნენ როგორც არის TEMU, ვიდრე დავჩაგროთ ეს პლატფორმა.

300 ლარიანი ზღვარი თუ გაუქმდა - ეს შეეხება ყველა პლატფორმას, საიდანაც ადამიანები პროდუქციას იწერენ და დაწესებული გადასახადის გადახდა მომხმარებლებს მოუწევს. დავსვათ კითხვა ვინ იგებს ამ გადაწყვეტილებით? - უდავოდ იმპორტიორთა ვიწრო ჯგუფი, რომლებიც TEMU-სთან შედარებით არაეფექტურად მუშაობენ. ევროკავშირში ზღვრის გაუქმება ნამდვილად მოხდა, მაგრამ ეს არ მომხდარა TEMU-ს მიზეზით და იქ უფრო კომპლექსურია ეს საკითხი", - აცხადებს ლევან მოლაშვილი. 

რაც შეეხება პროდუქციის უსაფრთხოების შემოწმებას - მისი შეფასებით, აღნიშნული ყველა პლატფორმიდან ნებისმიერი ღირებულების პროდუქციას უნდა შეეხოს.

"დღეს 300-ლარამდე გამოწერილი პროდუქცია არ მოწმდება, თუმცა მოწმდება მსხვილი იმპორტიორები. თუ ისინიც 300-ლარზე ნაკლებს შემოიტანენ არ შემოწმდებიან. შეიძლება აღნიშნულ საკითხზე ვიმსჯელოთ, რომ პროდუქციის შემოწმება უდავოდ ყველას შეეხოს. ჩვენ შეგვიძლია მოვითხოვოთ, რომ რადგან ამანათი 300-ლარზე ნაკლები ღირს ის მავნე ნივთიერებები არ არის. უსაფრთხოების შემოწმება ყველას უნდა შეეხოს - ყველა პლატფორმიდან, ნებისმიერი ფასის ნივთებს", - აცხადებს ლევან მოლაშვილი.

გამოგვყევით