logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ქართული კალათა" ლანჩხუთში ახალ საწარმოს, სავარაუდოდ, გაზაფხულზე გახსნის

ტრადიციული პროდუქტების კომპანია "ქართული კალათა" გურიაში, კერძოდ, ლანჩხუთში ახალ საწარმოს, სავარაუდოდ, გაზაფხულზე გახსნის. 

როგორც კომპანიის დირექტორმა ვაკო ელისაბედაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, პირველ ეტაპზე ახალ საწარმოში "ქართული კალათა"  თბილისში არსებული მცირე ქარხნიდან ხილის გადამუშავებას და ჩურჩხელის წარმოებას გადაიტანს. 

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის საინვესტიციო ღირებულება 3 მლნ. ლარამდეა.

"ახალი საწარმო მოგვცემს საშუალებას ისეთი პროდუქტები ვაწარმოოთ, რომელსაც ამჟამად წარმოების მცირე მასშტაბების გამო ვერ ვახერხებთ. შესაბამისად,  კომპანია  პროდუქტების ნაწილს სხვადასხვა ქართული კომპანიისგან იბარებს, ფუთავს და რეალიზაციას უწევს. ასეთებია,  მაგალითად, ტყემალი, საწებელი და სხვა.  ამ დროისთვის 1500 კვ.მ. საწარმოს მშენებლობა დასრულებულია და  შიდა მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს.

დანადგარების ნაწილი უკვე გვაქვს, ხოლო ნაწილს უცხოეთში შევიძენთ. თბილისში არსებული საწარმო  ფუნქციონირებას პარარელურად გააგრძელებს", - აცხადებს ვაკო ელისაბედაშვილი. 

მისი თქმით, ლანჩხუთში მდებარე ახალ საწარმოში ძირითადად, ადგილობრივები დასაქმდებიან. კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, რომ ახალი საწარმოს გახსნის შემდეგ "ქართული კალათა" წარმადობის ზრდას და საექსპორტო მიმართულების განვითარებას გეგმავს. 

"ახალ საწარმოში ISO სტანდარტი დაინერგება და გვექნება ხარისხის ნიშანი. უცხოეთთან ურთიერთობის აუცილებელი პირობაა, რომ შესაბამისი სტანდარტი და სერტიფიკატი გვქონდეს", - აცხადებს ვაკო ელისაბედაშვილი.

ცნობისთვის, კომპანია "ქართულ კალათა" ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდა. ამჟამად, მათი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ქსელურ მარკეტებში და ონლაინ. გარდა ამისა, კომპანიას თბილისში 2 ბრენდული მაღაზია აქვს და ასევე, ბაზარი ორბელიანზე და "გალერია თბილისში" სტენდით არის წარმოდგენილი. კომპანიის ძირითადი მიმართულება ქართული ტრადიციული პროდუქტების წარმოება-რეალიზაციაა. "ქართულ კალათაში" შედის ისეთი პროდუქტები როგორიც არის: ტყემალი, გოზინაყი, ჩურჩხელა, სანელებლები, ჯემები, ჩაი, ზეთი და ა.შ. პროდუქტების ნაწილს სხვადასხვა ქართული კომპანია აწარმოებს, თუმცა შეფუთვასა და რეალიზაციას "ქართული კალათა" უწევს.

გამოგვყევით