ქართული ბაზარი ონლაინ გაყიდვების საერთაშორისო პლატფორმებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Inex Group-ის დირექტორმა გიორგი კაპანაძემ განუცხადა, მიზეზი ელექტრონული კომერციის კუთხით, ქართველი მომხმარებლის აქტიურობა და მათ მიერ დახარჯული თანხების დიდი მოცულობაა.
„როდესაც ამ პლატფორმებმა მოკვლევა ჩაატარეს, აღმოჩნდა, რომ საქართველოდან საკმაოდ დიდი თანხა ბრუნავს. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, პროპორცია დახარჯული თანხის იყო საკმაოდ მაღალი. ამიტომ დაინტერესდნენ ამ ბაზარზე შემოსვლით და ეს ინტერესი არის გადამდები“, - აღნიშნა გიორგი კაპანაძემ, Inex Group-ის დირექტორმა ჩინური ონლაინ ვაჭრობის პლატფორმების ქართულ ბაზარზე შემოსვლის საკითხზე საუბრისას.
მისი თქმით, ქართველი მომხმარებელი ონლაინ ვაჭრობაში აქტიურია, რასაც თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები აქვს. „ვფიქრობ, კიდევ დიდი ხანი გაგრძელდება, როდესაც მომხმარებელი არჩევს, რომ უცხოეთში შეიძინოს თუნდაც პირადი მოხმარების ნივთები ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე“, - განმარტა გიორგი კაპანაძემ.
მან მიმდინარე წლის ზაფხულში საფოსტო ბიზნესის შედეგებიც მიმოიხილა და თქვა, რომ ეს სეზონი საკმაოდ აქტიური აღმოჩნდა. რიგ კომპანიებს ამანათებში ორნიშნა ზრდაც ჰქონდათ. აქტიურობით დაიწყო შემოდგომაც. საფოსტო კომპანიების წარმომადგენლები ელიან, რომ წლიურ ჭრილში, ამანათების რაოდენობაში, 20-25%-იან ზრდაზე გავლენ.
ამანათების რიცხვთან ერთად, საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებიც წლიდან წლამდე იზრდება. კომპანიებში მიუთითებენ, რომ ბოლო წლებში, კერძოდ პანდემიის პერიოდიდან ამ დრომდე, ელექტრონული კომერცია საქართველოში გააქტიურებულია - რაც ბუნებრივად აისახა ამანათების რაოდენობაზე. მაგალითისთვის, თუ ადრე გზავნილებში კომპანიები აქტიურობდნენ, ახლა ფიზიკური პირები ჭარბობენ, რომლებიც ონლაინ გაყიდვების საერთაშორისო პლატფორმებიდან სხვადასხვა ნივთებს იწერენ.
რაც შეეხება თავად საიმპორტო ქვეყნებს, საფოსტო და საკურიერო კომპანიებში აღნიშნავენ, რომ ძალიან გააქტიურებულია გამოწერები ჩინეთიდან, რომელმაც ფაქტობრივად თურქულ საიტებს საქართველოდან გამომწერების რიცხვი მოაკლო. მიუხედავად ამისა, თურქეთი მაინც ინარჩუნებს ძირითადი საიმპორტო ქვეყნების სიაში ადგილს. ტრადიციულად, გამოწერების კუთხით ლიდერის პოზიციაზეა აშშ… დიდი რაოდენობით შემოდის ამანათები საბერძნეთიდანაც. უნდა ითქვას, რომ ამანათებში უმეტესად პირადი მოხმარების ნივთები ჭარბობს, კერძოდ - ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, ასევე ავტომობილების ახალი და მეორადი ნაწილები.
ცნობისთვის, საქართველოში, საფოსტო სექტორი საკმაოდ მსხვილი დამსაქმებელი და მზარდ შემოსავლიანი ბიზნესია. მაგალითისთვის, საქსტატის ბოლო კვლევის მიხედვით, 2022 წელს საფოსტო და საკურიერო საწარმოების შემოსავლებმა 152 მლნ. ლარს გადააჭარბა, რაც 2021 წელთან შედარებით 16%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.