logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ქვეყანაში მუშახელის პრობლემა ნებისმიერ სექტორს უდგას" - მიხეილ ხიდურელი

ქვეყანაში მუშახელის პრობლემა ნებისმიერ სექტორს უდგას, - ამის შესახებ სააგენტო “აწარმოე საქართველოში”-ს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში  განაცხადა.

მისივე შეფასებით, სწორედ ამიტომ ქვეყანაში ისეთი ბრენდები უნდა გაჩნდნენ, რომლებსაც ცოდნა შემოაქვთ.

“ჩვენ ძალიან ბევრი უნდა ვემუშაოთ ქვეყანაში მყოფ ინვესტორებს. ჩვენ მათ 2 რამეს ვეკითხებით - რა გამოწვევები აქვთ და ხომ არ შეუძლია სახელმწიფოს ხელშეწყობა ამ კუთხით და ასევე, ხომ არ გეგმავენ ახალ ინვესტიციას, მათ შორის, პროფილურ ან არა პროფილურ მიმართულებებში.

მთავარი გამოწვევა დღეს მუშახელია. მათ შორის, შეიძლება იყოს უძრავი ქონება, წარმოება, ლოგისტიკა და ა.შ. ლოგისტიკის მიმართულებით ქვეყანაში მსხვილი და გამოცდილი ლოგისტიკური კომპანია, რომელიც უმსხვილესი ლოგისტიკური საწყობების ოპერირება ახდენს, არ გვყავს.

ჩვენ ინვესტიციებთან  ერთად უნდა ვფიქრობდეთ, რომ ქვეყანაში ბრენდები გაჩნდნენ, რომლებსაც ცოდნა შემოაქვთ. მაგალითად, როგორიც არის Eagle Hills-ი (იგლ ჰილსი), რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი დეველოპერია. მან იცის როგორ სეგმენტზე იმუშაოს, რა ფასები დაადოს და  ბიზნესი როგორ აწარმოოს. უბრალოდ, ინვესტიცია და თანხა არ არის მნიშვნელოვანი - მნიშვნელოვანია ვინ დგას ამ თანხის უკან. თან მათ უკვე ნაკვლევი აქვთ საქართველო და ამ კომპანიის შემოსვლა შეცვლის ყველაფერს პოზიტივისკენ.

კომპანიას აქვს ძალიან სწრაფი ტემპი. საუბარია იმაზე, რომ პროექტი 1 წლის შემდეგ მშენებლობის ეტაპზე გადავიდეს. ამ კომპანიამ, რომელმაც შექმნა ურბანულად დუბაი, იცის როგორ შექმნას უბნები.

Eagle Hills-ი  ქვეყანას აჩვენებს ახალ სტანდარტს დეველოპერული მიმართულებით. 6 მილიარდიანი ინვესტიციაა და ამხელა ინვესტიცია სააგენტოს ისტორიაშიც არ ყოფილა. ჩვენ ვეძებთ "შოურუმს" მათთვის და შესაძლებელია წლის ბოლომდე უკვე დაიწყოს კომპანიამ გაყიდვები. ეს ინვესტიცია ნამდვილად რეალურია”, - აცხადებს მიხეილ ხიდურელი.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ აბუ-დაბიში ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც უპრეცედენტო, $6 მლრდ-იანი ინვესტიციის საქართველოში განხორციელებას ითვალისწინებს

გამოგვყევით