"რითეილერებს შორის მწვავე კონკურენციაა იმაზე, თუ ვინ წაიყვანს საუკეთესო კადრს - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ „სინომი რითეილის” დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, დღეს რითეილ სექტორი არაერთი გამოწვევის წინაშეა - მათ შორისაა კადრებისა და დიდი სავაჭრო ფართების დეფიციტი.
„რაც შეეხება კადრებს, ამ მიმართულებით ბევრი არაფერი შეცვლილა. სამწუხაროდ, ცოტა არის ხალხი იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ შობადობაც დაბალი იყო იმ წლებში, რომელსაც ჩვენ ვუმიზნებთ და მეორე, ძალიან დიდი მიგრაციაა სწორედ ამ ასაკობრივ კატეგორიაში. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ იგივე მოხდეს ტანსაცმლის რითეილში, რაც მოხდა საჭმლის რითეილში. მაგალითისთვის, სუპერმარკეტებში არაერთხელ ნახავთ არაქართველ კონსულტანტებს, რომლებმაც ენა ისწავლეს და გვემსახურებიან. მე ვფიქრობ, რომ იგივე გაიარა ბევრმა სხვა ქვეყანამ განვითარებულ სამყაროში და ჩვენც იგივე გველის“, - აღნიშნა რეზო მაღალაშვილმა.
„სინომი რითეილის” დირექტორი ინვესტიციების საკითხზეც საუბრობს და აცხადებს, რომ 2025 წელს ახალი ინვესტიციების განხორციელებას ნაკლებად პროგნოზირებს.
როგორც მაღალაშვილი ამბობს, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, სექტორი, დიდი ალბათობით, წელს ინვესტიციების განხორციელებისგან თავს შეიკავებს და მსხვილ პროექტებს მომდევნო, 2026 წლისთვის გადადებს.
როგორც კომპანიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, როდესაც ინვესტორების მხრიდან ფასდება ქვეყანა, ისინი აკვირდებიან არა მხოლოდ იმ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, არამედ ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებასაც, მათ შორის პოლიტიკურ ნაწილში, შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის დაძაბულობა ნეგატიურ გავლენას ახდენს ნებისმიერი ინვესტორის გადაწყვეტილებაზე.
ცალკე გამოწვევად რჩება დიდი სავაჭრო ფართების დეფიციტიც, რაც ახალი და დიდი ფორმატის ბრენდების შემოყვანის პროცესში, როგორც წესი, დაბრკოლებას წარმოადგენს. თუმცა, ვინაიდან, წელს სექტორში ახალ ინვესტიციებს არ ელოდებიან, ამბობენ, რომ ეს პრობლემა მიმდინარე წელს აქტუალური არ იქნება.
რაც შეეხება, გაყიდვების მაჩვენებელს, როგორც „ბიზნესპარტნიორს“ რეზო მაღალაშვილმა განუცხადა, „სინომი რითეილის” შემთხვევაში, თბილისის მაღაზიებში ბრუნვა, ჯამურად, 6%-ით გაეზარდათ.
„ისევე როგორც გასული 2 წელი, გაყიდვები 2024 წელიც რეკორდული აღმოჩნდა, თუმცა დეკემბრის პირველი სამი კვირა ნამდვილად რთული იყო და კლება გვქონდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე. თუმცა, ბოლო კვირის ხარჯზე, საახალწლო ფასდაკლებებიდან გამომდინარე, მაინც ზრდის მაჩვენებლებზე და დადებით შედეგზე გავედით. რაც შეეხება მიმდინარე წელს, პროგნოზის გაკეთება მიჭირს, ამ ეტაპზე ბევრი რამ ისევ გაურკვეველია, რჩება ეკონომიკური საფრთხეები, ასევე ლარის კურსის მერყეობებიც ჩვენთვის დამატებით ხელის შემშლელი ფაქტორია. თუ ლარის კურსი გაუფასურდება, პროდუქციაზე ფასების გაზრდა მოგვიწევს, რაც სავარაუდოდ, გაყიდვების მაჩვენებელზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს“, - განმარტა მაღალაშვილმა.
ცნობისთვის, დღეისათვის, დედაქალაქში არსებული მსხვილი მოლები, თითქმის, 100 პროცენტიანი დატვირთვით მუშაობენ და ვაკანტური ფართები თითქმის არ აქვთ. რაც შეეხება მომხმარებელთა ნაკადებს, საშუალო დღიური მაჩვენებელი კვირის დღეებში 25-30 ათასი ადამიანია, შაბათ-კვირას კი ეს მაჩვენებელი იზრდება.