logo
Loading data...

"რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის" ღვინო იაპონიაშიც გაიყიდება - გიორგი ალადაშვილი

"რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის" ღვინო იაპონიაშიც გაიყიდება - გიორგი ალადაშვილი

1715252220

‘’რუისპირის ბიოდინამიური  მეურნეობა’ ქართული ბიოღვინოს მწარმოებელი კომპანია საექსპორტო ქვეყნების სიას  აფართოებს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი ალადაშვილი ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს,  "რუისპირის ბიოდინამიიური მეურნეობა" წელს  პირველად  ექსპორტის განხპრციელებას   იაპონიაში გეგმავს. ასევე დაგეგმილია ექსპორტის განახლება სინგაპურთან.

''რუისპირის მარნის" ბრენდით ამ ეტაპზე ღვინო ექსპორტზე  აშშ-ში, ბელგიაში, საფრანგეთში, შვეიცარიასა და იტალიაში გადის. თუმცა, კომპანიამ წელს ექსპორტი შეამცირა, რასაც გიორგი ალადაშვილი გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციას უკავშირებს.

კომპანია ‘’რუისპირის მარნის“ ბრენდით 12-მდე დასახელების ბიოღვინოს აწარმოებს, როგორიცაა ღრუბელა (ღია წითელი),  მონალიზა, ზინგარელა,  ხიხვი, ქისი, სიმონასეული, საფერავი, იყალთოს წითელი და სხვა.

გიორგი ალადაშვილის  ინფორმაციით, ექსპორტში  30%-იანი კლებაა, თუმცა ამას კომპანიისთვის პრობლემა არ შეუქმნია, ვინაიდან დანაკარგი ადგილობრივ ბაზარზე  გაყიდვების 60%-იანი ზრდით დაბალანსდა.

‘’ჩემი სურვილია, რაც შეიძლება  მეტი ქართული ღვინო გავიდეს განვითარებული ქვეყნების ბაზრებზე, ინფორმაცია მივიდეს მომხმარებლამდე და სწორად შეგვაფასონ.  ევროპელებმა  ახლა დაიწყეს თავიანთი ღვინის დალევა, მაქსიმალურად ცდილობენ თავიანთი ქვეყნის პროდუქტის პოპულარიზაცია მოახდინონ.  ვფიქრობ, ტენდენცია დროებითია და სამომავლოდ ევროპულ ქვეყნებში ქართული ღვინის ექსპორტი გაიზრდება. მით უმეტეს, ვფიქრობთ ახალი ბაზრების ათვისებაზე, წელს ექსპორტს სინგაპურსა და იაპონიაშიც ვგეგმავთ", - აცხადებს ალადაშვილი.

როგორც მეღვინე განმარტავს, წარმოება მთლიანად ბიოდინამიურია, რაც ცოცხალი პროდუქტების გამოყენებას და ტრადიციული გლეხური გამოცდილების გაზიარებას ნიშნავს. სპეციალურად ამ მიზნით გიორგი ალადაშვილი ღვინოს ბიოდინამიური მეთოდებით აწარმოებს. ამისთვის ყურძენს  მუხის ქერქის, ტირიფის, ჭინჭრის, ჯორისძუას, ხახვის ფოჩების, შროშანის და შრატის ნადუღით წამლავს, ხოლო გამწევი ტექნიკის საქმეს ცხენი აკეთებს. ღვინო კი ქვევრში, ტრადიციული მეთოდით მიიღება.

’’რუისპირის მარნის“ წლიური წარმოება 5000-დან 7000 ბოთლამდეა.  თუმცა გამონაკლისი გასულ წელს იყო, როცა წარმოება 3200 ბოთლამდე შემცირდა. როგორც გიორგი ალადაშვილის აღნიშნავს, ამის მიზეზი ობიექტური იყო, ვინაიდან საქართველოში არ იმყოფებოდა და წარმოების პროცესში უშუალოდ არ იყო ჩართული. მეწარმის ვარაუდით, წელს მაქსიმუმ 7000 ბოთლამდე ღვინის წარმოებას შეძლებს.

ცნობისთვის, "რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა" თელავის რაიონში, სოფელ რუისპირში ბიოღვინოს აწარმოებს. ვენახი 5 ჰექტარზეა გაშენებული.

მარი ჩიტაია

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით