logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

უძრავი ქონება კიდევ გაძვირდა: თბილისსა და ბათუმში ბინების საშუალო ფასი, თითქმის, ერთმანეთს უტოლდება

თბილისში ბინების გაყიდვები შემცირდა, ბათუმში კი - გაიზარდა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Colliers Georgia-ს კვლევებისა და მონაცემთა სერვისების ხელმძღვანელმა ლეო ჩიქავამ  განუცხადა, ორივე ქალაქის შემთხვევაში, ტრანზაქციები მზარდია ახალ პროექტებში, ძველ პროექტებში კი, წინა თვეების მსგავსად, კლების ტენდენცია ნარჩუნდება.

„უფრო კონკრეტულად, სტატისტიკურ მაჩვენებლებზე რომ ვისაუბროთ, მხოლოდ მარტის თვეში, თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,064 ერთეული შეადგინა და წინა წლის მარტთან შედარებით, 1.5%-იანი კლება დაფიქსირდა. რაც შეეხება ბათუმს, აქ საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის მარტთან შედარებით 5.7%-ით გაიზარდა და 1,233 ერთეული შეადგინა“, - აღნიშნა ლეო ჩიქავამ.

Colliers Georgia-ს კვლევებისა და მონაცემთა სერვისების ხელმძღვანელმა მომდევნო თვეების მოლოდინებზეც ისაუბრა და თქვა, რომ წინა წლების მსგავსად, 2025 წელსაც, ჯამურად, ტრანზაქციების მაჩვენებლების ზრდას ელოდება. როგორც ჩიქავა ამბობს, ბოლო 3 წელში, ქვეყანაში რეკორდული რაოდენობის სამშენებლო ნებართვები გაიცა, შესაბამისად, რეკორდულად გაზრდილი მშენებლობების ფონზე გაიზრდება ტრანზაქციებიც.

რაც შეეხება ფასებს, ისინი გაზრდილია როგორც თბილისის, ისე ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე.

„ბინებზე ფასების მატება შეინიშნება 2025 წლის პირველი კვარტალის და ასევე, მარტის თვის მონაცემებშიც. უფრო კონკრეტულად, მაგალითად, მარტში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის მარტთან შედარებით, ცენტრში 21%-ით, ხოლო გარეუბანში - 7%-ით გაიზარდა. დედაქალაქში გაზრდილია ძველი ბინების ფასიც. საბოლოო ჯამში, 2025 წელს, 1 კვადრატული მეტრის საშუალო შეწონილი ფასი თბილისში 1180 დოლარს უტოლდება. ამ მაჩვენებელს, დაახლოებით, 20 დოლარით ჩამორჩება ბათუმის საშუალო შეწონილი ფასი და თითქმის, 1160 დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მარტის თვის მონაცემებში, თბილისის მსგავსად, უძრავი ქონების გაძვირების ტრენდი შეინიშნება ზღვისპირა ქალაქშიც. კერძოდ, ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო ფასი 4%-ით არის გაზრდილი, ძველი ბინების კი 22%-ით“, - განმარტა ლეო ჩიქავამ, Colliers Georgia-ს კვლევებისა და მონაცემთა სერვისების ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, უძრავი ქონების ფასებს, სხვა ფაქტორებთან ერთად, მშენებლობის ინდექსიც განსაზღვრავს. საქსტატის ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში მშენებლობა კიდევ გაძვირდა და წლიურად მშენებლობის ინდექსი თითქმის 5%-ით გაიზარდა. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასის თითქმის 16%-იანი ზრდით.

გამოგვყევით