logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"გაურკვევლობა, რომელიც აშშ-ის სატარიფო პოლიტიკამ მოიტანა, გლობალურ-ეკონომიკური ზრდისთვის საზიანოა" - ჭოუ ციენი

ჩინეთის ელჩის საქართველოში ჭოუ ციენის განცხადებით, აშშ-ის სატარიფო პოლიტიკა ძალიან საზიანოა გლობალურ-ეკონომიკური ზრდისთვის. 

როგორც მან გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა, ტარიფები ჩინეთისთვის ნეგატიური იყო, მაგრამ ჩინეთის ეკონომიკის ზრდა ამერიკაში ექსპორტს არ ემყარება. ჭოუ ციენის შეფასებით, აშშ-ის სატარიფო ომი საშიშია მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის და მათ შორის, საქართველოსთვის. 

"მთელი მსოფლიო უყურებს, რომ ამერიკამ თითქმის ყველა ქვეყანას თავს მოგვახვია საპასუხო ტარიფები. ჩინეთი ამას მტკიცედ ეწინააღმდეგება. 24-საათის განმავლობაში, როდესაც აშშ-მ ჩინეთს ტარიფები დაუწესა ჩვენ საწინააღმდეგო ზომები მივიღეთ და ვფიქრობთ, რომ ეს არა მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ჩვენ ჩვენი სუვერენიტეტი დავიცვათ, არამედ იმისთვის, რომ დავიცვათ საერთაშორისო სამართლიანობა. განსაკუთრებით იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ საერთაშორისო ვაჭრობის სიმყარეს, რაც მსოფლიოს დიდი ნაწილის ინტერესებს შეესაბამება. 

რა თქმა უნდა, ტარიფები ჩინეთისთვის ნეგატიური იყო, მაგრამ ჩინეთის ეკონომიკის ზრდა ამერიკაში ექსპორტს არ ემყარება. გასულ წელს ამერიკაში ექსპორტმა მთლიანად ჩინეთის ექსპორტის 13% შეადგინა. ჩვენი საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი 6 ტრილიონია და ამერიკა მცირე ნაწილია. აშშ-ის ხაზინის ყოფილი მდივნის ლარი სამერსის განცხადებით, ამერიკის პროპორცია მსოფლიო ვაჭრობაში 15%-ს შეადგენს და ტრამპის ადმინისტრაცია შემდეგი 5 წლის განმავლობაში ნახავს, რომ მათი წილი სხვა ქვეყნებზე გადავა და ეს ამერიკისთვის 30 ტრილიონის დანაკარგი იქნება. ჩვენ არა მხოლოდ კონტრზომებს ვახორციელებთ, არამედ ზომებს ვიღებთ იმისთვის, რომ გავაფაროვოთ შიდა მოთხოვნების დაკმაყოფილება და ინოვაციების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას. 

გაურკვევლობა, რომელიც ამერიკის სატარიფო პოლიტიკამ მოიტანა ძალიან საზიანოა გლობალურ-ეკონომიკური ზრდისთვის. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მდივნის განცხადებით, ზეგავლენა ძირითადად განვითარებად ქვეყნებზე იქნება. გარდა ამისა, მსოფლიო სავალუტო ფონდის დირექტორმა თქვა, რომ სატარიფო ომის ტვირთი მცირე ეკონომიკების მხრებზე იქნება და საქართველოსთვის ეს საშიშია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სატარიფო ომი გლობალურ ეკონომიკას ანაწევრებს და განსხვავებულ ბლოკებს ქმნის ჩვენ ასევე ვკარგავთ "შუა დერეფნის" ეფექტურობას", - აცხადებს ჭოუ ციენი.

ცნობისთვის, აშშ-მა შესაძლოა ჩინეთისთვის ტარიფი 245%-მდე გაზარდოს.  ამის შესახებ  ინფორმაცია თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული. ტარიფები შეეხო საქართველოსაც. ქართული პროდუქციის აშშ-ში შეტანაზე 10%-იანი გადასახადი დაწესდა, თუმცა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დროებით უარს იტყვის ტარიფების უმეტესობაზე. კერძოდ, ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტარიფების ამოქმედებას 90 დღით აპაუზებს.

გამოგვყევით