logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"მუკუზანი ღვინის სარდაფი" ინგლისის, ჩინეთის, აშშ-ის და კორეის ბაზარზე გასასვლელად ემზადება

"მუკუზანი ღვინის სარდაფი" ინგლისის, ჩინეთის, აშშ-ის და კორეის ბაზარზე გასასვლელად ემზადება, - ამის შესახებ "მუკუზანი ღვინის სარდაფის" მთავარმა მეღვინემ ვაკო ქათამაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ ქვეყნებთან მოლაპარაკებების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და პირველი ექსპორტი, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს განხორციელდება.

"მუკუზანი ღვინის სარდაფი" ღვინის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზრებზე ახორციელებს. წარმოების 50% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, ხოლო 50% სხვადასხვა ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ ჩვენ გერმანიაში საწყობი გვაქვს, საიდანაც სხვა ევროპის ქვეყნების მომარაგება ხდება, თუმცა ყველაზე მეტი გაყიდვები გერმანიაში გვაქვს. 

"არსებული საექსპორტო ბაზრების გარდა მეღვინეობა აქტიურად მუშაობს ახალი ბაზრების ათვისებაზე. მათ შორის, ვგეგმავთ აშშ-ის ბაზარზე გასვლას და აღსანიშნავია, რომ ის ტარიფები, რომელიც აშშ-მა სხვადასხვა ქვეყნის და მათ შორის, საქართველოს მიმართ დააწესა ჩვენს შემთხვევაში პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან საკმაოდ დაბალი ტარიფია. ცოტა ხნის წინ, გერმანიაში ვიმყოფებოდი და შემიძლია ვთქვა, რომ ევროპაში ამერიკული პროდუქცია ნელ-ნელა ამოდის ხმარებიდან, რასაც უარყოფითი ეფექტი თავად ამერიკისთვის ექნება. აღნიშნულის მიზეზი კი სწორედ აშშ-ის სატარიფო პოლიტიკაა. საუბარი მქონდა სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც აცხადებენ, რომ ამერიკული პროდუქციის ფასი ძალიან იზრდება და შესაბამისად, ბაზარზე აღნიშნულის ჩანაცვლება სხვა უფრო იაფი, მაგალითად, ჩინური პროდუქციით ხდება", - აცხადებს ვაკო ქათამაძე.

ცნობისთვის, მეღვინეობა "მუკუზანი ღვინის სარდაფი" ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა. კომპანია 10 ჰა-ზე გაშენებულ ვენახს და რამდენიმე ბრენდს ფლობს, მათ შორის, Mukuzani Wine Cellar, Lomiauri Estate და EsCargot. გარდა ამისა, სულ ცოტა ხნის წინ მეღვინეობამ სოფელ მუკუზანში სადეგუსტაციო სივრცე და ღვინის მუზეუმი გახსნა.  "მუკუზანი ღვინის სარდაფი" წელიწადში 50 000-მდე ბოთლ ღვინოს აწარმოებდა, თუმცა მიმდინარე წელს მათი წარმადობა სავარაუდოდ, 100 000 ბოთლამდე გაიზრდება. 

 

გამოგვყევით