logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"კულა" HIPP-ის ქარხანაში ბავშვთა კვების ხაზის ამოქმედებას გეგმავს

საკონსერვო წარმოება "კულა"  ქარელის რაიონის სოფელ აგარაში არსებულ HIPP-ის  ქარხანაში ბავშვთა კვების ხაზის ამოქმედებას გრძელვადიან პერსპექტივაში გეგმავს. როგორც "ბიზნესპარტნიორთან" კომპანიის დამფუძნებელი ვანო გოგლიძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს,პროექტი დაახლოებით 2026-2027 წელს განხორციელდება. 

როგორც ცნობილია, "კულამ" HIPP-ის  აქტივები (საწარმო და საწყობი)  რამდენიმე კვირის წინ შეიძინა და მოდერნიზებას გეგმავს. $4 მილიონიანი  პროექტი 4 წლის განმავლობაში  ითვალისწინებს  ხილფაფებისა და ბიო წვენების წარმოების 50%-ით გაზრდასა და ბავშვთა კვების ხაზის ამოქმედებას, რომელიც  ბაზარზე "კულას" სახელით გაიყიდება, რადგან  HIPP-სგან მხოლოდ აქტივების შეძენა მოხდა და არა სახელის. 

გოგლიძის ინფორმაციით, საწყის ეტაპზე ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი ხილფაფები და ბიო წვენები საწყის ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება, სამომავლოდ კი ორიენტირი ექსპორტზეც იქნება. 

"ვაშლის მიღებას და გადამუშავებას წელს დავიწყებთ, თუმცა, 2026-2027 წლებში ქარხანა სრული სიმძლავრით დაიწყებს ფუნქციონირებას. საწარმოს დაახლოებით 7 წელია არ უმუშავია, შესაბამისად, დაგეგმილია მისი მოდერნიზება, რემონტი,"-აცხადებს ვანო გოგლიძე. 

"კულას" დამფუძნებელი აცხადებს, კომპანია  უკვე მუშაობს   სპეციალური სერთიფიკატის მისაღებაზე, რომელიც ბავშვთა კვების პროდუქციის წარმოების უფლებას მიანიჭებს. კონსულტაციები აქვს როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ისე  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან.  "ნაწილობრივი დოკუმენტაციის შეგროვება დაწყებული გვაქვს," - აცხადებს ვანო გოგლიძე. 

რაც შეეხება იმას, თუ რა ბრენდით გაიყიდება "კულას" მიერ წარმოებული ბავშვთა კვების პროდუქცია, გოგლიძე ამას ამ  ეტაპზე ვერ  აკონკრეტებს. 

შეგახსენებთ, საკონსერვო წარმოება "კულა"  ნედლეულის 95%-ს ადგილობრივი ფერმერებისგან და გლეხებისგან იბარებს. კომპანია 2009 წლიდან არსებობს და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით გამოირჩევა. ამჟამად "კულას" აქვს 5 საწარმო, აქედან, 4 გორში და 1 ახალციხეში მდებარეობს. კომპანიას თავისი პროდუქცია დაახლოებით, 28 ქვეყანაში გააქვს.

რაც შეეხება ბავშვთა კვების მწარმოებელ გერმანულ კომპანია HIPP-ს, მისი წარმომადგენლობა საქართველოში წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა.  კომპანიის საკუთრებაში იყო ქარხანა, რომელიც  ბავშვთა კვებისთვის ნედლეულს ამუშავებდა და ექსპორტზე გაჰქონდა. ეს მიმართულება  ბოლო რამდენიმე წელია საკმარისი ნედლეულის არ არსებობის გამო შეჩერებული იყო. 

გამოგვყევით