პირველი ამომავალი საკითხი ვფიქრობ, რომ არის „ქეშბექის“ თემა. სადისტრიბუციო კომპანიებს სახელშეკრულებო პირობები გვავალდებულებს, რომ ჩვენ გაყიდულ პროდუქციაზე „ქეშბექი“ დავუბრუნოთ „რითეილს“. ეს „ქეშბექი“ კარგ შემთხვევაში იწყება 40%-დან და აღწევს 50%-ს გარკვეულ სეგმენტზე, - განაცხადა სადისტრიბუციო და იმპორტიორი კომპანია „დაფნას“ წარმომადგენელმა, ლევან პაპიაშვილმა პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც სადისტრიბუციო კომპანიების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს.
ლევან პაპიაშვილის განცხადებით, დისტრიბუტორი და იმპორტიორი იძულებულია, რომ მარჟას დაამატოს ქსელურ მაღაზიასთან „ქეშბექზე“ დასაბრუნებელი თანხა, რათა შეძლონ მუშაობის გაგრძელება.
"თავისთავად დისტრიბუტორი და იმპორტიორი იძულებულია, რომ თავის გარკვეულ მცირე მარჟას დაამატოს „ქეშბექზე“ დასაბრუნებელი თანხა, რომ გააგრძელოს ოპერირება. პროდუქტის მიწოდებისას ქსელური მაღაზიების უმრავლესობას აქვს ეს პირობა ჩადებული, რომ თუ პროდუქციას დარჩენილი აქვს შენახვის ვადა 50%-ზე ნაკლები, ჩვენ ვერ შევიტანთ ამ პროდუქციას. უნდა იყოს 60-70% და მეტი", - განაცხადა ლევან პაპიაშვილმა.
სხდომის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა კომპანიის წარმომადგენელს სთხოვა განემარტა, მაგალითად 10 ლარიანი პროდუქტის შემთხვევაში „როგორ მუშაობს „ქეშბექი“?“, რაზეც წარმომადგენელმა უპასუხა, რომ 10 ლარში კომპანიის მოგებაც უკვე გათვალისწინებულია.
"ამ 10 ლარში გათვალისწინებულია კომპანიის მოგებაც. მიწოდების პირობისას ხელშეკრულებაში მიდევს, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულებიდან 50% “ქეშბექი” უნდა დავუბრუნო. კომპანია იძულებულია, რომ ეს 50%, რაც უნდა დაუბრუნოს, თავისთავად დაამატოს ამ ღირებულებას, 10 ლარს", - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელი.