ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის შემდეგ ქვეყანაში 113 გლობალური ტექნოლოგიური კომპანია შემოვიდა. როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა განმარტა, აღნიშნულ კომპანიებს ათასობით თანამშრომელი ჰყავთ დასაქმებული.
„ეს არის ერთ-ერთი წარმატებული რეფორმა, კონკრეტულად აიტი მიმართულების დარგის განვითარებისთვის. ორ წელზე მეტია ეს საშეღავათო რეჟიმი მოქმედებს და უკვე 113 კომპანია არის შემოსული საქართველოში. ისინი არიან გლობალური ტექნოლოგიური კომპანიები, რომელიც ოპერირებენ საქართველოდან. მათ უკვე ათასობით თანამშრომელი ჰყავთ დასაქმებული. ეს პროცესი გრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითქმის ყველა მათგანი აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო პროცესში, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის რომ საქართველოს მოქალაქეებს კიდევ უფრო მეტი საშუალება ჰქონდეთ მიიღონ ხარისხიანი განათლება აიტი სფეროში და შემდეგ დასაქმდნენ როგორც ამ საერთაშორისო კომპანიაში ასევე ქართულ კომპანიებში.“-აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ცნობისთვის, საერთაშორისო კომპანიის სტატუსი საქართველოში 2020 წლის ოქტომბრიდან განისაზღვრა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ სტატუსს იღებენ ის კომპანიები, რომლებიც IT და საზღვაო სფეროში საქმიანობენ და საქართველოდან უცხოეთში აწვდიან IT სერვისს ან ახორციელებენ საზღვაო გადაზიდვებს. აღნიშნული სტატუსის მქონე საწარმოებისთვის მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები 15%-ისა და 20%-ის ნაცვლად 5%-ით არის განსაზღვრული.