logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

საქართველოში საცხენოსნო ტურებზე მოთხოვნა ძირითადად უცხოელების მხრიდან მოდის - გაყიდვები 200%-ით გაიზარდა - HORSETOURS

საქართველოში საცხენოსნო ტურებზე მოთხოვნა ძირითადად უცხოელების მხრიდან მოდის - გაყიდვები 200%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ Horsetour.ge-ს დამფუძნებელმა ანა ნადირაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე თქმით, არის შემთხვევები როდესაც უცხოელები საქართველოში სწორედ Horsetour-ის ტურების გამო ჩამოდიან და მათი მომხმარებლების 95% უცხოელია, ხოლო 5%  ქართველი.

"საცხენოსნო ტურებზე მოთხოვნის ზრდის ტემპი საკმაოდ მაღალია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მოთხოვნა გაორმაგდა. მრავალდღიან ტურებზე მოთხოვნა ძირითადად ევროპელი და ამერიკელი ტურისტების მხრიდან მოდის. ჩვენი მომხმარებლები თითქმის ყველა ქვეყნიდან არიან, თუმცა ძირითადად გერმანიიდან, ბელგიიდან, პოლონეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან. ერთდღიან და საათობრივ ტურებს ქართველები, არაბები და ებრაელები იღებენ ხოლმე.

რაც შეეხება რეგიონებს - ტურები წელს, ყველაზე მოთხოვნადი ყაზბეგის მიმართულებით იყო, რაც ვფიქრობთ, განპირობებულია იმით, რომ თბილისთან ყველაზე ახლოს მდებარე მთიანი მხარეა. 

ჩვენ ერთგულად ვრჩებით საცხენოსნო ტურების მიმართულებით და ამას არ ვღალატობთ და ვცდილობთ უსასრულოდ განვითარებას", - აცხადებს ანა ნადირაძე.

ანა ნადირაძის თქმით, იმისთვის, რომ საცხენოსნო ტურიზმი საქართველოში უფრო მეტად განვითარდეს საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტი პოპულარიზაცია. ამასთან, მნიშვნელოვანია პირდაპირი ფრენების რაოდენობის ზრდა სხვადასხვა ქვეყანასთან, რაც პირდაპირ აისახება ტურისტების მოზიდვასა და ზრდაზე. 

გარდა ამისა, HORSETOURS.GE უცხოურ ბაზარზე აქტიურად ოპერირებს და რამდენიმე ქვეყანაში მათი ტურები უკვე აქტიურად ვითარდება. 

ცნობისთვის,პლატფორმა horsetours.ge  საცხენოსნო ტურიზმის განვითარების მიზნით, 2 წლის წინ შეიქმნა.

სტარტაპი დარგის გაციფრულებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას გულისხმობს, როგორც მომხმარებლისთვის, ასევე სერვისის მიმწოდებლისთვის. სტარტაპის პროექტმა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 30 000 ლარიან საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.

გამოგვყევით