logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

საქართველოში თევზის წარმოების გახუთმაგებას ელიან - აკვაკულტურის ეროვნული სტრატეგია მალე დამტკიცდება

საქართველოში თევზის წარმოების გახუთმაგებას ელიან. ამ მიზნის მისაღწევად, მალე, აკვაკულტურის ეროვნული სტრატეგია დამტკიცდება, რომლითაც ქვეყანა ამ დარგის ტრანსფორმაციას შეძლებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  FAO Georgia-ს პოლიტიკის უფროსმა მრჩეველმა ჯუბა მარუაშვილმა  განუცხადა, აკვაკულტურის ეროვნული სტრატეგია, სავარაუდოდ ზაფხულის ბოლომდე დამტკიცდება.

ფერმერთა გადამზადება, ხარისხობრივად უკეთესი პროდუქტის წარმოება, მარკეტინგულად ბაზრების დივერსიფიცირება - ეს იმ მიზნების არასრული ჩამონათვალია, რომლის მისაღწევადაც სტრატეგია შემუშავდა. დოკუმენტში გაწერილია, რომ მომდევნო 5 წელში საქართველოს შიდა წყლებში, თევზის წარმოება უნდა გახუთმაგდეს. გარდა ამისა, ეროვნულ სტრატეგიაში მითითებულია ისიც, რომ ქვეყანამ აქ წარმოებული თევზის ხარისხი ისე უნდა გააუმჯობესოს, რომ პროდუქტი ექსპორტზე ევროკავშირის ბაზრებზე გავიდეს. ამისთვის კი, საჭიროა იმ გამოწვევების გადაჭრა, რაც სექტორში ამ დრომდე რჩება,  ესენია - ფერმერთა ცნობიერების ამაღლება, დაავადებების კონტროლი, წყლის ხარისხი, ასევე ინფრასტრუქტურის და ლაბორატორიული სიმძლავრეების გაუმჯობესება.

„ეს დოკუმენტი ხელს შეუწყობს ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენებას და ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს, სწორად განსაზღვროს დარგის განვითარების ფართო და გრძელვადიანი პერსპექტივები, ასევე სრულად შეძლოს აკვაკულტურის დარგის ტრანსფორმაცია. საქართველოს აკვაკულტურის სექტორს ნამდვილად აქვს მეტი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნისა და რეალიზების პოტენციალი“, - აღნიშნა ჯუბა მარუაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, საქართველოს აკვაკულტურის განვითარების სტრატეგიაზე თითქმის ბოლო 3 წელი მუშაობდა.  პროცესებში  ჩართული იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და კერძო სექტორიც.

შეგახსენებთ, აკვაკულტურის ეროვნული სტრატეგიის გარდა, რომელიც მალე დამტკიცდება, საქართველოს უკვე აქვს აკვაკულტურის შესახებ კანონიც, რომლის მიზანსაც ასევე ამ დარგის განვითარება წარმოადგენს.

რაც შეეხება მიმდინარე სტატისტიკურ მონაცემებს, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, თევზის წარმოება 15%-ით შემცირდა და გასულ წელს ქვეყანამ მხოლოდ 2 470 ტონამდე თევზის წარმოება შეძლო. ყველაზე მეტი აკვაკულტურის მეურნეობა კახეთის რეგიონში მდებარეობს, მეორე ადგილზე კი სამეგრელო-ზემო სვანეთია.

რაც შეეხება მეურნეობების სახეობებს, ასევე საქსტატის მიხედვით, 2023 წელს აკვაკულტურის მეურნეობების 90% ოჯახური მეურნეობაა და მხოლოდ 10% წარმოადგენს საწარმოებს. ჯამში, აკვაკულტურის მეურნეობებს ქვეყნის მასშტაბით 7 ჰექტარი უჭირავს. უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველო ძირითადად თევზის იმპორტზეა დამოკიდებული. გასულ წელს ქვეყანაში თითქმის 10 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი და გაცივებული თევზის იმპორტი განხორციელდა, გაყინული თევზის იმპორტის ღირებულებამ კი 34 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

მიუხედავად 2023 წელს თევზის წარმოების შემცირებისა და იმპორტზე მაღალი დამოკიდებულებისა, ამ დარგის ექსპერტები ფიქრობენ, რომ საქართველოში აკვაკულტურა წლიდან წლამდე ვითარდება. ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია "ფორეჯის" თავმჯდომარე სოფო დიასამიძე ამბობს, რომ 2024 წელი მზარდი მაჩვენებლებით დაიწყო და წინა წელთან შედარებით, ბევრი ახალი საწარმო გაიხსნა, ბევრმა საწარმომ კი, რომლებიც გაჩერებული იყვნენ, წელს განაახლეს სამეურნეო საქმიანობა. შედეგად, წელს თევზის წარმოებაში მზარდ მაჩვენებლებს ელიან.

გამოგვყევით