logo
Loading data...

"სასურველი კანდიდატის მოსაზიდად, კომპანიებს ხელფასების ზრდა უწევთ" - HR.GE

"სასურველი კანდიდატის მოსაზიდად, კომპანიებს ხელფასების ზრდა უწევთ" - HR.GE

1711599600

წინა წლებისგან განსხვავებით, კომპანიებმა უკვე დაიწყეს ვაკანსიებში ხელფასის მითითება, საიდანაც ჩანს, რომ სხვადასხვა დარგში, წლიდან წლამდე ანაზღაურება მზარდია, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ დასაქმების პორტალ HR.GE-ის გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელმა, მანჩო დალაქიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ხელფასების მატება ქვეყანაში არსებულ საკადრო დეფიციტს უკავშირდება. განსაკუთრებული მოთხოვნა კვალიფიციურ კადრებზეა, რომელთა დიდი ნაწილი ქვეყნიდან ემიგრაციაში წავიდა, ამიტომ სასურველი კანდიდატის მოსაზიდად, კომპანიებს ხელფასების ზრდა უწევთ.

PMC კვლევითი ცენტრის ცნობითა, 2015 წლიდან ამ დრომდე, ქვეყანაში რეალური ხელფასი 38%-ით არის გაზრდილი. პროგნოზებზე საუბრისას კი, კვლევით ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ხელფასების მატება ქვეყანაში წელსაც გაგრძელდება, თუმცა არა იმ ტემპით, როგორც გასულ წლებში ხდებოდა. ამ მხრივ გამორჩეული 2023 წელი აღმოჩნდა და აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტად ანაზღაურება შემდეგ დარგებში გაიზარდა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, მშენებლობა, ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები. თუმცა, PMC კვლევით ცენტრში აღნიშნავენ იმასაც, რომ საქართველოში დღემდე რჩება არც თუ ისე ცოტა სექტორი, სადაც ძალიან დაბალი ხელფასებია და მათ შორის სახელდება - განათლების სფერო.

რაც შეეხება ვაკანსიებს - სტაბილურად მზარდია მათი რიცხვიც. დასაქმების პორტალებზე ამბობენ, რომ ქვეყანაში კადრებს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კომპანიები ეძებენ. უცხოური ბიზნესების ინტერესი ქართული შრომის ბაზრის მიმართ განსაკუთრებით ბოლო წლებშია გააქტიურებული. რაც შეეხება მიმდინარე წლის ზამთრის მონაცემებს, ვაკანსიების რაოდენობაში წლიური ზრდა შეინიშნება, სხვადასხვა პორტალის შემთხვევაში 5-დან 20 პროცენტამდე. ყველაზე დიდი რაოდენობით ვაკანსიები ტრადიციულად სავაჭრო და მომსახურების, ასევე საფინანსო სექტორში ცხადდება. მზარდია მოთხოვნა აიტი სპეციალისტებზეც.

პროგნოზებზე საუბრისას, დარგის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველოში შრომის ბაზარი დარეგულირებას იწყებს და თუ პანდემიის შემდგომ, ის მაღალი სიმჭიდროვით ხასიათდებოდა, ახლა პოსტპანდემიური ეფექტი უკვე ამოწურულია და შრომის ბაზარი თავის ბუნებრივ მდგომარეობას უბრუნდება, შესაბამისად, მიმდინარე წელს ვაკანსიების მკვეთრი ზრდა ნავარაუდევი აღარ არის.

დასაქმების პორტალები გაზაფხულზე ვაკანსიების მატებას ელიან ჰორეკა სექტორში, თუმცა, დარგის ექსპერტების პროგნოზით, წლის განმავლობაში ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი მაინც სამშენებლო სექტორი იქნება, რადგან აქ მუშახელის დეფიციტი ამ დრომდე განსაკუთრებით მაღალია.

ცნობისთვის, საქსტატის ბოლო მონაცემებით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15 პროცენტით, ანუ თითქმის 271 ლარით გაიზარდა და 2 044 ლარი შეადგინა.

მარი მელიქიშვილი

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით