logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

შრომის უსაფრთხოების ყველა სერვისი აქტიური და მოთხოვნადია - "ჯეოსეიფთი"

შრომის უსაფრთხოების სერვისებზე მოთხოვნა იზრდება. როგორც კომპანია ‘’ჯეოსეიფთის“ დამფუძნებელი კახა დათიაშვილი ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს,  ზრდა ამ მიმართულებით კონტროლის გამკაცრებას უკავშირდება, რის გამოც უსაფრთხოების სხვადასხვა დარგში კადრებზე მოთხოვნაც მატულობს.

,,ჩვენი კომპანია პარტნიორებს მომსახურებას არაერთი მიმართულებით სთავაზობს, მათ შორისაა სურსათის უვნებლობის, დეზინფექციის, დეზინსექციის, გარემოს დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემების დანერგვის მიმართულებები. ამავდროულად, პარტნიორებს აქვთ მუდმივი ხელმისაწვდომობა უსაფრთხოების სრულ ინვენტარზე, რომლის შეძენაც ჩვენ ონლაინ მაღაზიაშია შესაძლებელი.
მართალია, გარკვეული დროის განმავლობაში, ყველაზე ნაკლები მოთხოვნა გარემოს დაცვისა და სურსათის უსაფრთხოების მიმართულებებით ფიქსირდებოდა, თუმცა რეგულაციების ამოქმედებამ სრულიად შეცვალა არსებული სურათი და ამჟამად კომპანიები ცდილობენ თანმიმდევრულად მოერგონ თანამედროვე სტანდარტებს. ბუნებრივია, მსგავსი მოცემულობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ჩვენი საქმიანობის არეალის გაფართოებას და მაგალითად, მხოლოდ სურსათის უვნებლობის მიმართულებით ამჟამად 300-მდე ობიექტთან ვთანამშრომლობთ", - აცხადებს კახა დათიაშვილი.

რაც შეეხება შრომის ინსპექციას,  როგორც ,,ჯეოსეიფთის" ხელმძღვანელი აღნიშნავს, გეგმურ შემოწმებას ყოველწლიურად 3000-მდე კომპანია გადის.

,,ჯეოსეიფთის" მოქნილი პაკეტები და მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების არსებობა დიდწილად განაპირობებს ჩვენი სერვისების განვითარებას და გაფართოებას. შესაბამისად, გვაქვს პატივი ვითანამშრომლოთ დაახლოებით 1000-მდე კომპანიასთან, რომელთაც 8000-ზე მეტ ლოკაციაზე არაერთი მიმართულებით ვუწევთ მომსახურებას. შესაბამისად, კადრებზე დიდი მოთხოვნაა, ტენდენცია წლიდან წლამდე მზარდია, რასაც უკვე ,,შრომის კოდექსით“ არის განსაზღვრული. ინფორმირების კუთხითაც არის გარკვეული გაუმჯობესება, კომპანიებიც უფრო მეტად არიან მზად, დაიცვან უსაფრთხოების სტანდარტი და თავიანთი საქმიანობა კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანონ", - აცხადებს კახა დათიაშვილი.

ცნობისთვის, ,,ჯეოსეიფთი“  ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა და სხვადასხვა დარგის 100 სპეციალისტი ჰყავს დასაქმებული.  გარდა დედაქალაქისა, კომპანია ფილიალებს ფლობს აჭარაში, იმერეთსა და კახეთში.

გამოგვყევით