logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

შვეიცარიული აგრარული სკოლა "კავკასია" - 2023 წელს, მოკლევადიან პროგრამაზე, ჯამში 80-მდე ფერმერი გადავამზადეთ

2023 წელს, მოკლევადიან პროგრამაზე ჯამში 80-მდე ფერმერი გადავამზადეთ, - ამის შესახებ შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასიის“ დირექტორმა თინათინ მახარაძემ „ბიზნესპარტნიორთან განაცხადა.

მისი თქმით, მოკლევადიანი პროგრამების მიმართ დაინტერესება ძალიან მაღალია, ხოლო გრძელვადიან პროგრამებზე -  პირიქით.

„სასწავლო ვიზიტი შვეიცარიაში სექტემბერში გვქონდა. 6 სტუდენტი იყო წასული 2 კვირით. ამჟამად,სკოლას   10 სტუდენტი ჰყავს. მოკლევადიანი პროგრამების მიმართ დაინტერესება იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენ ვთავაზობთ.  გრძელვადიან პროგრამებზე პირიქით, დაინტერესება ნაკლებია.

ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით მუშაობას გავააქტიურებთ, რათა დაინტერესება გავზარდოთ. მოკლევადიანი პროგრამა 1 თვიანია. რაც შეეხება შედეგებს,  2023 წელს ჯამში მოკლევადიან პროგრამაზე 80-მდე ფერმერი გადავამზადეთ“, - განაცხადა თინათინ მახარაძემ.

გარდა ამისა, შვეიცარიული აგრარული სკოლის დირექტორმა კომპანიის გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „კავკასია“ ამჟამად, სრულად ადგილობრივ ბაზარზეა ორიენტირებული.

მისივე თქმით, 2022 წელთან შედარებით, გაყიდვების რაოდენობა გაორმაგებულია.

„ჩვენი ძირითადი პროდუქტი არის მთის ყველი სხვადასხვა თვიანი დამწიფებით. ასევე „კამემბერი“ და „მუჩლი“. ამასთან ერთად, ვაწარმოებთ იოგურტს და კარაქს. იოგურტს ვყიდით, ხოლო კარაქის რეალიზაცია არ დაგვიწყია, ჯერჯერობით სასწავლო მიზნებით ვაწარმოებთ. ჩვენი პროდუქცია იყიდება „გუდვილის“ „სითი მოლის“ ფილიალში, „კარფურის“, „ბლაუენშტაინის“, "წისქვილის" ბაზარსა და რესტორნებში.

ახალ პროდუქტებს რასაც ვაკეთებთ უფრო არის სასწავლო მიზნებისთვის, ვიდრე მუდმივი წარმოებისთვის. ამ ეტაპზე ექსპორტს არ ვგეგმავთ, ვფიქრობთ, რომ  ადგილობრივ ბაზარზე  დისტრიბუცია გავაფართოოთ. 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს გაყიდვები გაორმაგებულია და ვფიქრობთ, რომ უფრო მოიმატებს“, - აღნიშნა თინათინ მახარაძემ.

შეგახსენებთ, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარკინეთში  შვეიცარული პროფესიული განათლების მოდელის მიხედვით, სკოლა და საცხოვრებელი კამპუსი ფუნქციონირებს. კოლეჯის ძირითადი საქმიანობაა 2 წლიანი პროფესიული პროგრამა მეცხოველეობაში, რძისა და რძის პროდუქტების გადამუშავებაში.

სკოლის ბაზაზევე, შვეიცარიული ტექნოლოგიით რამდენიმე დასახელების ყველი იწარმოება, რომელიც სარეალიზაციო ქსელში 2022 წლიდან გამოჩნდა.

პროექტს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი და "მარგებელი ჰოლდინგის" მფლობელი მიხო სვიმონიშვილი შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.

გამოგვყევით