"თუ ჩვენ ვამბობთ, რომ რაღაც უნდა ღირდეს იაფი, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გაიყიდება, ბიზნესმა ის რაღაც უნდა აკეთოს იაფად. აქ უკვე მივდივართ ხარისხზე", - ამის შესახებ კომპანია "აგროქიზიყის" დამფუძნებელმა ბექა გონაშვილმა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა.
ბექა გონაშვილმა რამდენიმე მიმართულებით ისაუბრა. ერთ-ერთ მაგალითად მოიყვანა რძე და რძის პროდუქტები.
“ბოლო პერიოდში საუბარი იყო რძეზე, რეალურად ძალიან ბევრი პრობლემაა და ეს მომდინარეობს ბიზნესიდან, მწარმოებლიდან, გადამამუშავებლიდან, სახელმწიფო მაკონტროლებლისა და მომხმარებლის მხრიდან. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდით რა გვინდა, ხარისხიანი თუ იაფი, ეს ერთმანეთისგან განყენებული ცნებებია. ჩვენ მაგალითად რძის ფხვნილს რომ შევებრძოლოთ, ეს გამოიწვევს პროდუქციის გაძვირებას, რის გამოც გამოვა ხალხი და იტყვის, რომ რაღაც გაძვირდა, მაგრამ ეს თუ არ მოხდა, დარგი, როგორც მეცხოველეობა, მერძევეობა, ქვეყანაში მოკვდება. თუ საინტერესო არ გახდა მერძევეობის მიმართულება, მაშინ ფული არ ჩაიდება, ფერმები არ შეიქმნება, რძე ყოველთვის დეფიციტში იქნება, თუ დეფიციტი იქნება, ფასი ყოველთვის იქნება მაღალი.
ძალიან დიდია იატაქვეშეთთა წარმოება ქვეყანაში, სტატისტიკურად, რძის ის რაოდენობა, რაც თანამედროვე, მაღალპროდუქტიული ფერმებიდან მიიღება, ზღვაში წვეთია, იმასთან შედარებით, რაც ქვეყანაში ხდება”,- აღნიშნა ბექა გონაშვილმა.
"აგროქიზიყის" დამფუძნებელმა საქართველოში ხორბლის ხარისხზე, რაოდენობასა და პურის ხარისხზეც გაამახვილა ყურადღება.
"როდესაც კარგი ხარისხის წარმოებაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, იქ აუცილებლად დგება საკითხი როგორ უნდა მივაღწიოთ ამას. ამაში არ არის მხოლოდ ნედლეულზე საუბარი, აქ არის ცოდნაზე და შესაძლებლობებზეც. მაგრამ ნედლეულის ფასიც ბევრს განსაზღვრავს. მაგალითად, საქართველოში ხორბლის წარმოებაში თვითკმარი ვერასდროს ვიქნებით, რადგან ამაში ტერიტორიები არ გვიწყობს ხელს. თუმცა ის, რომ ჩვენ პური იაფად გავყიდოთ, მე მაინცდამაინც სწორად არ მიმაჩნია, შეიძლება სოციალურად, სხვადასხვა მიმართულებით ეს მნიშვნელოვანი პროდუქტია, მაგრამ უბრალოდ ეს შემდეგ იწვევს თვითონ ამ დარგის შეფერხებას და ამ დარგში სხვადასხვა პრობლემის გაჩენას. მაგალითად ხშირად მოგვისმენია, რომ მეხორბლეები გამოვიდნენ და ვერ ყიდიან და ა.შ. მაგრამ თუ ჩვენ გავამახვილებთ ყურადღებას, რომ ფქვილი უნდა იყოს ხარისხიანი და ამ ფქვილში არ უნდა იყოს ამდენი უაზრო დანამატი, ეს სხვა საკითხია და ჩემი აზრით, უფრო მტკივნეული. აქ უკვე ჯანმრთელობის საკითხი დგება",- აღნიშნა ბექა გონაშვილმა.