"სნეპ ფიტნესი", 2024 წელს, სავარაუდოდ, 2 ახალ ფილიალს დაამატებს, რომლის ჯამური ინვესტიცია 3 მლნ. ლარი იქნება. ამის შესახებ ქსელის დირექტორმა, სოფო სოლოღაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ლოკაციების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.
"გვინდა, რომ 2 ფილიალი გავხსნათ - ერთი ბათუმში, ხოლო მეორე თბილისში, დიდ დიღომში. ამჟამად, პარტნიორებთან გარკვეული მოლაპარაკებები და ასევე, ლოკაციების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს. ერთ ფილიალზე ინვესტიცია დაახლოებით, 1.5 მლნ. ლარია", - განაცხადა სოფო სოლოღაშვილმა.
"სნეპ ფიტნესის" ქსელის დირექტორი, გასულ წელსაც აფასებს და აღნიშნავს, რომ 2023 წელი ქსელისთვის ძალიან წარმატებული იყო.
"2023 წელს ძალიან დიდი პროგრესი განიცადა ჩვენმა ბიზნესმა როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ასევე მომხმარებლების ცნობიერება ვარჯიშის მიმართ გაიზარდა. ტენდენცია რაც იყო, რომ ადამიანები მხოლოდ გასახდომად მოდიოდნენ დარბაზში, ეს რადიკალურად შეიცვალა და მომხმარებელთა დაახლოებით, ნახევარი მენტალური ჯანმრთელობისთვის დადის. 2022 წელთან შედარებით, დაახლოებით, 30%-იანი ზრდა გვაქვს. ადამიანები მიხვდნენ, რომ თუ შედეგის მიღწევა სურთ ან ტრენერი უნდა აიყვანონ, ან ჯგუფურ ვარჯიშზე უნდა იარონ. 2023 წელს განვაახლეთ ორი ფილიალი, 2024 წელს კიდევ ერთი ფილიალის განახლება იგეგმება,"- აცხადებს სოფო სოლოღაშვილი.
დღეის მდგომარეობით, „სნეფ ფიტნესს“ საქართველოს მასშტაბით 4 ფილიალი აქვს.