logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

TAMOSKIN-ის დამფუძნებელი, თბილისში ბრენდული მაღაზიის ან სტენდის გახსნას განიხილავს

TAMOSKIN- თბილისის რომელიმე სავაჭრო ცენტრში პირველი სტენდის გახსნას განიხილავს. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ TAMOSKIN-ის დამფუძნებელმა თამო ვაშალომიძემ  განუცხადა.

მისი განცხადებით, ამ დროისთვის თითქმის ყველა სავაჭრო ცენტრთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.  აუცილებლად ვაპირებთ გაფართოებას. უკვე ორი წელია მოლოდინის რეჟიმში ვართ, რადგან მოლებში არ არის ადგილი. 4 აპრილს TAMOSKIN-ის დაბადების დღეა და მინდა რომელიმე სავაჭრო ცენტრში, თბილისში პირველი სტენდი გავხსნა. იმდენად გაიზარდა გაყიდვები, რომ მხოლოდ ონლაინ რეალიზაცია აღარ არის საკმარისი. თუ სტენდის საშუალება არ იქნება, ვერ გამოიძებნება ადგილი და ჩემი რიგი არ მოვიდა, მაღაზიის გახსნასაც განვიხილავ. 

ვფიქრობდი სააფთიაქო ქსელში შესვლასთან დაკავშირებითაც, რადგან ყველა ლიცენზია რაც საჭიროა გვაქვს, მაგრამ ერთადერთი რის გამოც ამაზე უარი ვთქვი არის ის, რომ თუ სააფთიაქო ქსელში შევიტანდი პროდუქციას, ექსკლუზიური დისტრიბუტორები ისინი ხდებოდნენ. აქედან გამომდინარე, აღნიშნულისგან თავი შევიკავე", - აცხადებს თამო ვაშალომიძე. 

მისივე ინფორმაციით,  გასულ წელთან შედარებით კომპანიას გაყიდვები 300%-ით გაიზარდა.

"მოთხოვნა არის როგორც უცხოეთიდან, ასევე საქართველოდან. როგორც ქვეყნის მასშტაბით ვაგზავნით  შეკვეთებს, ამავე სიხშირით, ყოველდღიურად  - საზღვარგარეთ, თითქმის ყველა ქვეყანაში", - აღნიშნავს  თამო ვაშალომიძე.

ისივე ინფორმაციით, TAMOSKIN- ამ ეტაპზე 16 სახეობის პროდუქტს აწარმოებს და სამომავლოდ, კიდევ 10 ახალი სახეობის  დამატება იგეგმება, მათ შორის, ორი პროდუქტი მარტის ბოლოდან გაიყიდება. 

"დაახლოებით, 3 წლის წინ დავიწყეთ TAMOSKIN-ის პროდუქციის წარმოება, პოლონეთში. ყველა პროდუქტი იწარმოება ლაბორატორიულად დამოწმებული ინგრედიენტებით და გააჩნია ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ამჟამად, გვაქვს ტანის და სახის მოვლის საშუალებები. პირველი პროდუქტი იყო სტრიების საწინააღმდეგო საცხი, შემდეგ გამოვუშვით ანტიცელულიტური, სახის გასახდომი, აკნეს საწინააღმდეგო საცხები, კოლაგენის შრატი, ჰიალურონის მჟავა, ანტიასაკობრივი საცხი, ასევე "შიმერები". ჯამში 16 პროდუქტი გვაქვს,“-აცხადებს ვაშალომიძე.

 

გამოგვყევით