"მესამე თვეა, რაც QooQy Bakery-ის საწარმო გავხსენით. აღნიშნული პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1.6 მლნ ლარს შეადგენს, - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს" QooQy Bakery-ის დამფუძნებელმა ილია გეფერიძემ განუცხადა.
მისი თქმით, საწარმო ამ ეტაპზე 7 დასახელების პურს აწარმოებს.
"პროდუქცია ამ ეტაპზე "ევროპროდუქტის" ქსელში იყიდება. გარდა ამისა, რამდენიმე თვეში "გუდვილშიც" გამოჩნდება. გარდა ამისა, ვგეგმავთ პურის ასორტიმენტის გაზრდასაც. დაახლოებით, 1 კვირაში სავარაუდოდ, 3 სახეობის პური კიდევ დაგვემატება და ჯამში 10 სახეობის პური გვექნება. აღსანიშნავია, რომ აქტიურად ვთანამშრომლობთ HoReCa სექტორთანაც. თითქმის 50-მდე პარტნიორი ობიექტი გვყავს და ამ მიმართულებით უფრო მეტად გაფართოებას ვგეგმავთ", - აცხადებს ილია გეფერიძე.
რაც შეეხება QooQy Bakery-ის საკონდიტრო მაღაზიათა ქსელს - კომპანია თბილისში მეხუთე ფილიალის დამატებას 2024 წელს გეგმავდა, თუმცა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, აღნიშნული პროექტი დააპაუზა.
როგორც ილია გეფერიძემ აღნიშნა, პროექტი, სავარაუდოდ, 2025 წლის მეორე ნახევარში განხორციელდება.
ცნობისთვის, QooQy Bakery -ს პირველი ფილიალი თბილისში 2021 წლის 17 ივლისს გაიხსნა. ამ ეტაპზე კომპანია 4 ფილიალით არის წარმოდგენილი. 2024 წლის ბოლომდე კომპანი ეტაპობრივად კიდევ რამდენიმე ფილიალის გახსნას გეგმავს.