logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"თექის ნაწარმის გაყიდვები 80%-ით გაიზარდა, მყიდველის უმეტესობა უცხოელია" - თექის მწარმოებელი

ძველი თუშური წესით დამზადებული თექის პროდუქცია რომში იყიდება. იტალიის დედაქალაქში ქართული ნაწარმი 2 თვეში ერთხელ იგზავნება და აქ, გაყიდვების მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება. ქართული თექის პროდუქცია პოპულარობით სარგებლობს ისრაელშიც, სადაც ასევე გადის ექსპორტზე.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ თექის მწარმოებელმა  მარიამ ფილაურმა განუცხადა, საექსპორტო ქვეყნებს შორის არის: აშშ, საფრანგეთი და თურქეთიც.

„განსაკუთრებული პარტნიორული ურთიერთობა იტალიასთან გვაქვს. დაგვიკავშირდა ქართველი ემიგრანტი ქალბატონი, რომელიც დაინტერესდა ჩვენი პროდუქციით და გაიტანა ექსპორტზე. დღეს, ჩვენი ნაწარმი რომის ერთ-ერთ მაღაზიაში სტაბილურად იყიდება. უკვე 3 წელია, რაც აღნიშნულ მაღაზიას თექის პროდუქციით ვამარაგებთ. 2 თვეში ერთხელ, დაახლოებით, 100-მდე ნივთს ვაგზავნით. მოთხოვნა დიდია ისრაელშიც, უბრალოდ, შეზღუდული წარმოების გამო, დიდი მოცულობების გაგზავნა არ შეგვიძლია“, - განმარტა მარიამ ფილაურმა.

მისი თქმით, ის, რაც მყიდველს თექის ნაწარმში იზიდავს, ქართული მატყლის უპირატესობებია. კერძოდ, ხარისხი, სითბო და გამძლეობა. უცხოეთში მის ნაცვლად ე.წ მირინოსი გამოიყენება, რომელიც საწარმოში მზადდება და ბამბის ეფექტი აქვს, თუშური მატყლი კი აბსოლუტურად ნატურალური მასალაა. სხვადასხვა ფერის მისაღებად ბუნებრივ საღებავებს იყენებენ, მათ შორის ბალახებსა და ენდროს.

„ბუნებრივი მასალებით და წინაპრების მიერ შემონახული ტექნოლოგიით დამზადებული თექის პროდუქცია, ფერს არ იცვლის და წლების მანძილზე, პირვანდელი სახით ნარჩუნდება. გვინდა, რომ წარმოების ეს ძველი წესი შევინარჩუნოთ. უამრავი ადამიანი გვიკავშირდება, რომელიც დაინტერესებულია თექის წარმოებით, ამიტომ, შემოდგომიდან ვაპირებთ სასწავლო ცენტრი გავხსნათ. მთავარია სურვილი და მონდომება, ამის სწავლა ყველას შეუძლია“, - აღნიშნა თექის მწარმოებელმა.

მან ადგილობრივ ბაზარზეც ისაუბრა და თქვა, რომ გაყიდვები მზარდია საქართველოშიც. როგორც მარიამ ფილაური აცხადებს, პანდემიის შემდგომ, შეიძლება ითქვას, რომ თექის ნაწარმის გაყიდვები 80%-ით არის გაზრდილი. „თუმცაღა, 100%-იდან მყიდველების 70% უცხოელები არიან“, - აღნიშნა ფილაურმა.

ის გამოწვევებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამ დარგს დღეს პოპულარიზაცია აკლია, რის გამოც, სექტორში კონკურენცია დაბალია და თექის ნაწარმს ქვეყანაში ძალიან ცოტა ადამიანი, თუ კომპანია ქმნის. შედეგად, ამჟამად, ბაზარზე არსებული მოთხოვნა მიწოდებას მკვეთრად აღემატება.

გამოგვყევით