logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"წინა წელთან შედარებით კომპანიის გაყიდვები გაორმაგდა" - CookiNi

2024 წელი შედარებით ნელა დაიწყო — გაყიდვები დაახლოებით 20-30%-ით შემცირდა, რაც საკმაოდ შესამჩნევი იყო. საბედნიეროდ, წელს გაყიდვებმა კვლავ იწყო ზრდა, შარშანდელთან შედარებით, შეიძლება ითქვას გაორმაგდა კიდეც, - ამის შესახებ თაფლაკვერების მწარმოებელი კომპანიის CookiNi-ის თანადამფუძნებელმა თათული ვაჩაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, CookiNi ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა და კომპანიის ზრდის ტემპი ყოველწლიურად შესამჩნევი იყო.

"Cookini-ის განვითარება საკმაოდ სწრაფი იყო, რადგან ჩვენი თაფლაკვერები ახალ და განსხვავებულ პროდუქტს წარმოადგენდა ბაზარზე და მომხმარებლის ყურადღება მალევე მიიქცია. შეიძლება ითქვას, რომ 2022 წელს, პირველ წელთან შედარებით, განსაკუთრებით აღდგომისა და შობის სეზონზე, გაყიდვები ორმაგად გაიზარდა. ზოგადად, 2021, 2022 და 2023 წლები ძალიან წარმატებული იყო ჩვენთვის. 

ამ ეტაპზე ფიზიკური მაღაზია არ გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ CookiNi პატარა საოჯახო ბიზნესია, ის ყოველთვიურად იზრდება. სააღდგომო შეკვეთების მიღება დაახლოებით, 20 მარტიდან დავიწყეთ. გვაქვს როგორც საცალო, ასევე მოცულობითი შეკვეთები. სააღდგომოდ ვამზადებთ სასაჩუქრე "ბოქსებს" სხვადასხვა კომპანიისთვის, სკოლებისთვის, საბავშვო ბაღებისთვის და ასე შემდეგ.

ჩვენი პროდუქციის სახელწოდება ერთია - "ჯანჯნაფილის თაფლაკვერი", თუმცა მომხმარებლებს განსხვავებულ დიზაინს ვთავაზობთ. გარდა ამისა, ნებისმიერი დღესასწაულისთვის, იქნება ეს ნათლობა, ქორწილი თუ სხვა თითოეულ მომხმარებელს თავად შეუძლია კონკრეტული დიზაინის შეკვეთა.

ვფიქრობ, CookiNi კონკურენციას წარმატებით უწევს სხვა აღდგომის პროდუქტებს, რადგან ჩვენ მომხმარებლებს უნიკალურ, ხელნაკეთ ჯანჯაფილის თაფლაკვერებს ვთავაზობთ, რომლებიც ინდივიდუალურად, ხარისხიანი ინგრედიენტებით და დეტალებზე განსაკუთრებული ყურადღებით მზადდება. ჩვენი სოციალური მედიის აქტიურობა, მომხმარებელთან მუდმივი კომუნიკაცია და სწრაფი მომსახურება ასევე აძლიერებს ჩვენს კონკურენტულობას ბაზარზე", - აცხადებს თათული ვაჩაძე.

კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, CookiNi მაღაზიის გახსნას არ გეგმავს, თუმცა მოთხოვნის ზრდასთან ერთად შესაძლოა აღნიშნული საკითხი უფრო აქტიურად განიხილონ. 

ცნობისთვის, CookiNi არის საოჯახო ბიზნესი, რომელიც თაფლაკვერებს განსხვავებული დიზაინით ამზადებს. მომხმარებლებს პროდუქციის შეძენა ონლაინ - სოციალური გვერდების მეშვეობით შეუძლია.

გამოგვყევით