ყველაზე დიდი დაინტერესება რძის გადამუშავებისა და ტრაქტორისტი მემანქანის კურსებზეა, - ამის შესახებ შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასიის“ დირექტორმა თინათინ მახარაძემ „ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, 2024 წელს, სკოლა "კავკასიაში" 150 ფერმერი გადამზადდა. წელს კი 80-მდე ფერმერისთვის კვალიფიკაციის ამაღლებაა დაგეგმილი.
"ამჟამად, სკოლაში გრძელვადიან პროგრამაზე, ვინც ჩვენთან ცხოვრობს მხოლოდ 4 სტუდენტი გვყავს. გარდა ამისა, ტრაქტორისტი მემანქანის კურსზე 15 სტუდენტი ჩაირიცხა. ტრაქტორისტი მემანქანეობის მიმართულებით ბაზარზე დიდი არჩევანი და შეთავაზება არ არის. სოფლებში, ვინც ტრაქტორს მართავს მართვის მოწმობა არ აქვთ ხოლმე. ეს ავტორიზებული პროგრამაა, რომლის გავლის შემდეგ უფლება აქვთ მართვის მოწმობის გამოცდაზე გავიდნენ", - აცხადებს თინათინ მახარაძე.
გარდა ამისა, შვეიცარიულმა აგრარულმა სკოლა „კავკასიამ" 1-ელ მარტს, თბილისში კაფე-მაღაზია - Margaliti Collection გახსნა, სადაც მომხმარებლებს რძის ნაწარმის, ქართული ჩაის, სხვადასხვა რაიონის თაფლის, ხორცპროდუქტებისა და ასევე, ქართული ხორბლით გამომცხვარი პურის შეძენა და დაგემოვნება შეუძლიათ.
"ჩვენი ხედვაა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის რაც შეიძლება ბევრი მწარმოებელი მეწარმეების პროდუქცია ერთ სივრცეში იყოს წარმოდგენილი. რძის ნაწარმი, აბსოლუტურად რძის ყველა პროდუქტი ჩვენს ქარხანაში, დმანისშია დამზადებული", - აღნიშნა თინათინ მახარაძე.
შეგახსენებთ, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარკინეთში შვეიცარული პროფესიული განათლების მოდელის მიხედვით, სკოლა და საცხოვრებელი კამპუსი ფუნქციონირებს. კოლეჯის ძირითადი საქმიანობაა 2 წლიანი პროფესიული პროგრამა მეცხოველეობაში, რძისა და რძის პროდუქტების გადამუშავებაში.
სკოლის ბაზაზევე, შვეიცარიული ტექნოლოგიით რამდენიმე დასახელების ყველი იწარმოება, რომელიც სარეალიზაციო ქსელში 2022 წლიდან გამოჩნდა.
პროექტს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი და "მარგებელი ჰოლდინგის" მფლობელი მიხო სვიმონიშვილი შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.