logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"არ მესმის, საერთოდ რატომ გახდა სამსჯელო Eagle Hills-ის პროექტი, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რის გამოც ეს არ უნდა გამოვიდეს"

"არ მესმის, საერთოდ რატომ გახდა სამსჯელო Eagle Hills-ის პროექტი, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რის გამოც ეს არ უნდა გამოვიდეს"

1772604272

მე არ მესმის, საერთოდ რატომ გახდა სამსჯელო Eagle Hills-ის პროექტი ცალკე გამოყოფილი, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“, გურამ ნიკოლაშვილმა საქართველოს პირველ არხზე გამართულ დისკუსიის ფორმატში განაცხადა.

„ქვეყანაში არსებობს დიდი სტატისტიკა, არსებობს რიცხვები, არსებობს მათ შორის, დეველოპმენტის და მშენებლობის სექტორში, რომელიც არის ზრდადი მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეიძლება ითქვას და ეს არის ერთ-ერთი მსხვილი პროექტი. განსხვავებული მხოლოდ ამ ნაწილში არის ის, რომ აქ მეწილედ გვევლინება სახელმწიფო, მეტი არაფერი. დანარჩენი, მთელი სკანდალი, რაც ახლავს ამ პროექტს, ეს არის მთლიანად ის ე.წ. შავი პიარი, რომელიც პოლიტიკურმა ჯგუფებმა ააგორეს თავისი დღის წესრიგიდან გამომდინარე, თავისთვის სასარგებლოდ. მე პირადად, მხარს ვუჭერ პროექტს, რადგან რაც შევისწავლე, კითხვებზე იყო საუბარი და ეს კითხვები მეც გამიჩნდა, ეს კითხვები დავსვი, პასუხი მივიღე და შესაბამისად, მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რის გამოც ეს არ უნდა გამოვიდეს“, – განაცხადა ნიკოლაშვილმა.

მისი თქმით, მსჯელობა, რომ რაკი სახელმწიფომ გითხრა, აუცილებლად უნდა შევხედოთ ასე, რომ ეს უკვე არის რაღაც ტყუილი, არის ძალიან ცუდი და მცდარი მიდგომა.

„პრემიერ-მინისტრმა თავის ძალიან გრძელ და ხანგრძლივ ვიდეოში პრაქტიკულად, თითქმის ყველაფერი ახსნა. არ არსებობს არანაირი საფუძველი იმის, რომ ოფიციალური პირი, პრემიერ-მინისტრი, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს და რაღაცას ყვება, ესე იგი, აუცილებლად ვამბობთ, რომ ის რასაც იძახის, ყველაფერი არის ტყუილი. ეს ასე არ არის. მეორე მხრივ, ნებისმიერი ეს ინფორმაცია შესაბამის რეჟიმში შეიძლება, გადამოწმდეს. მე მესმის, რომ არსებობს კითხვები და კი ბატონო, ჩამოვწეროთ ეს კითხვები, მაგრამ ჩვენ იმ მსჯელობიდან კი არ ამოვიდეთ, რომ ჯერ გვაქვს ეჭვები, შემდეგ ვთქვათ, რომ ეს ეჭვები წარმოშობს ლეგიტიმურ შიშებს, შემდეგ ვთქვათ, რომ ეს შიშები ახლა ბუნებრივია, მთელ საზოგადოებას აქვს და ახლა მოდი, თქვენ ჩადექით თავის მართლების პოზიციაში და ამაზე გვიპასუხეთ? არა ბატონებო, ეს არ არის სწორი მიდგომა. სწორი მიდგომაა, თქვენ თუ რაღაც ძალიან კონკრეტული კითხვები გაგაჩნიათ გამომდინარე იქიდან, რაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა უკვე, მაგალითად, რა არის ქართული მხარის უფლება-მოვალეობა და რა არის ინვესტორის, როგორ შეიქმნა ერთობლივი ქართული კომპანია, რომლის საკუთრებაშიც გადავიდა ეს უძრავი ქონება, ერთობლივი კომპანიის, როგორ არის გაყოფილი წილები, რა შეთანხმება არსებობს, შემდეგი ინვესტიციის მოზიდვა ვისი ვალდებულებაა და ა.შ, ის ინფორმაცია, რაც არის ცნობილი და წარმოდგენილი, აქედან გამომდინარე დაუშვით ის, რომ ეს ყველაფერი მართლაც ასეა და შემდეგ ჩამოწერეთ კითხვები. მაგალითად, წერია თუ არა რამე კონტრაქტში იმასთან დაკავშირებით, გარკვეული ეთნიკური ნიშნით უნდა მოხდეს ჩასახლება თუ არა. თუ რამე კითხვები და შიშები გაგაჩნიათ, ამას მიეცით ეს წერილობითი ხასიათი და ჩვენ შეგვიძლია, შეგხვდეთ სამუშაო გარემოში; ჩემი კომპეტენციის ფარგლებში მე შემიძლია, რაც ვიცი, ან არ ვიცი, ამ პასუხების მოძიებაში ძალიან კონსტრუქციულად დაგეხმაროთ“, – განაცხადა ნიკოლაშვილმა.

როგორც გურამ ნიკოლაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2022 წლის შემდეგ სიტუაცია არის მკვეთრად შეცვლილი და საქართველოს ხელისუფლება პრაქტიკულად, იმყოფება ცივი ომის პირობებში.

„მას გააჩნია შემოტევა უამრავი მხრიდან იმისათვის, რომ საქართველოს პოზიცია არის მიუღებელი მთელი რიგი ქვეყნებისთვის სწორედ უკრაინაში მიმდინარე ომის ჭრილში. აქედან გამომდინარე, ამ სუვერენული პოლიტიკის წარმოებას, რომელსაც ქვეყანა აწარმოებს, სჭირდება სერიოზული მხარდაჭერა, სჭირდება დივერსიფიკაცია, მრავალი მიმართულებით საქმიანობა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ინვესტიციების მოზიდვა. ხელისუფლებამ არა მარტო მოახერხა ამის უზრუნველყოფა, მან დადო ძალიან მომგებიანი ხელშეკრულება. მე ისიც მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ ამდენი ხანი იმიტომ დასჭირდა, ამდენი წელი, რომ იქ იყო მნიშვნელოვანი პირობებზე მოლაპარაკება, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომ საქართველოს ინტერესები ყოფილიყო საუკეთესოდ დაცული. თუ ვიღაც ამბობს, კი მაგრამ, მაშინ ამას რატომ აქვს კომერციული საიდუმლოება, სწორედ იმიტომ აქვს, რომ 15 ქვეყანაში მაინც აქვს თუ მეტში არა „იგლ ჰილსს“ მიმდინარე პროექტი და ყველგან განსხვავებული პირობებია, ამოსავალი წერტილი იყო ის, რომ თუ ასეთ პირობებს მთხოვთ, კარგი, მოგყვებით ამაზე და მაშინ დავადოთ კომერციული საიდუმლოების გრიფი. იმიტომ, რომ კონკურენტები არსებობენ სხვადასხვა ქვეყნის სახით, თუმცა არაფერი იქ ისეთი არ წერია სპეციფიკური, რომ ამისგან შევქმნათ რაღაც ტიპის კონსპირაცია. ისევ ვიმეორებ, თუ რაღაც კონკრეტული კითხვა არსებობს, რისი ეჭვიც არსებობს, შეიძლება, იყოს დასმული ეს კითხვა და ამას პასუხი გაეცემა“, – განაცადა ნიკოლაშვილმა.

შეგახსენებთ,  საქართველოში Eagle Hills-ის პროექტი მოიაზრებს 850 ჰა-ს განვითარებას - შეიქმნება, როგორც ახალი ინფრასტრუქტურა, ასევე რეკრეაციული სივრცეები. ასევე, პროექტის ფარგლებში  2,4 მილიონ კვ/მ-ზე აშენდება 16 ათასამდე საცხოვრებელი ბინა,  სასტუმროების ნაწილში  გაჩნდება 1 500-მდე ნომერი,  კომერციული და სავაჭრო ოფისები და სხვა სახის კომერციული დანიშნულების ადგილები.  საინვესტიციო პროექტები თბილისსა და გონიოში განხორციელდება.

პროექტში  დაგეგმილია $6.5 მილიარდი დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება. 

1tv.ge

გამოგვყევით