logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"თუ ოქროზე, როგორც ნედლეულზე ფასების ზრდა გაგრძელდება, მოგვიწევს ნაკეთობების გაძვირებაც" - "ზარაფხანა"

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ეფექტი სანავთობო და ოქროს ბირჟებზე უკვე თვალშისაცემია. გაძვირებულია როგორც ძვირფასი მეტალი, ისე ნავთობი.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ „ზარაფხანას“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე სამხარაძე  აცხადებს, რომ ბოლო დღეებში, რაც ირანის გარშემო კონფლიქტი გამწვავდა, მწარმოებლებს შესასყიდი ოქრო მნიშვნელოვნად გაუძვირდათ.

„მას შემდეგ, რაც ახლო აღმოსავლეთში სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობს, დაახლოებით, 300 დოლარით გაძვირდა 1 უნცია ოქრო. ეს ჩვენს რეალობაში ნიშნავს იმას, რომ საწარმოო ოქროზე ფასები გაგვეზარდა. მაგალითისთვის, ბოლო დღეებში, 1 გრამი სუფთა ოქროს ღირებულება 13 ლარით არის მომატებული, რაც დიდ გამოწვევას წარმოადგენს ჩვენი წარმოებისთვის. თუ გლობალური ფასების ზრდა გაგრძელდება, გარდაუვალია ნაკეთობების გაძვირებაც. თუმცა, ამ ეტაპზე, ჩვენს პროდუქციაზე ფასების მატებას არ ვგეგმავთ“, - აღნიშნა თორნიკე სამხარაძემ. 

მისივე განმარტებით, გეოპოლიტიკური რისკების ზრდის ფონზე, როგორც წესი, იზრდება ხოლმე ოქროს ფასიც, ვინაიდან ასე ვითარებაში, ინვესტორები უსაფრთხო აქტივებისკენ გადაინაცვლებენ, ძვირფასი მეტალი კი, კრიზისების დროს, ყველაზე საიმედო აქტივია.

დღეისათვის, 1 უნცია ძვირფასი მეტალი 5,387 დოლარად ივაჭრება და შეიძლება ითქვას, რომ წლიურ ჭრილში, ოქრო 80%-ის ფარგლებშია გაძვირებულია.

გაზრდილია ნავთობის ღირებულებაც. ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო და სატვირთო გემების გადაადგილება, ამჟამად, სრულად დაბლოკილია. სრუტე, რომელიც გლობალური ნავთობის მიწოდების მეხუთედს ატარებს, ირანის რევოლუციურ გუშაგთა კორპუსმა, ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მიმდინარე თავდასხმების საპასუხოდ ჩაკეტა.

ანალიტიკოსების შეფასებით, ჰორმუზის სრუტის პარალიზება დიდი დარტყმაა საერთაშორისო სანავთობო ბირჟებისთვის, რადგან ამ სრუტის გავლით ახდენს ნავთობის ექსპორტს სპარსეთის ყურის არაბული ყველა ქვეყანა, მათ შორის, საუდის არაბეთი, კატარი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. დღეისათვის კი, მსოფლიოს წამყვან ნავთობკომპანიებსა და სავაჭრო ხომალდების მესაკუთრეებს ჰორმუზის სრუტის გავლით, ნედლი ნავთობისა და საწვავის გადაზიდვა შეჩერებული აქვთ. ნავთობის მიწოდების შეფერხება კი გლობალურ ბირჟებზე ნავთობის ფასზე მნიშვნელოვან ზეწოლას ახდენს.

ამჟამად, 1 ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობი 79 დოლარად ივაჭრება, თუმცა, ანალიტიკოსების ვარაუდით, არ არის გამორიცხული, რომ ირანს, ისრაელსა და აშშ-ს შორის გრძელვადიანი სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში, ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარამდე გაიზარდოს.

გამოგვყევით