logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"ბათუმში საინვესტიციოდ უფრო მეტი ბინა იყიდება, ვიდრე თბილისში"

უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობაში კლება ფიქსირდება, თუმცა დარგის ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს კლება უმნიშვნელოა და სექტორი დინამიკურად ვითარდება.

„თიბისი კაპიტალის“ ცნობით,  2024 წლის თებერვალში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,358 შეადგინა და წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 1%-ით შემცირდა. ამავე პერიოდში, გასაყიდი ფასი 1,202- დოლარს გაუტოლდა და წინა თვესთან შედარებით ფაქტობრივად უცვლელი დარჩა, ხოლო წლიურად 6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად გაიზარდა როგორც ახალი, ისე ძველი ბინების შემთხვევაში.

დარგის ექსპერტები უძრავ ქონებაზე, როგორც საინვესტიციო აქტივზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ მის მიმართ ინტერესი კვლავ მაღალია. თუმცა, აქ ერთ მნიშვნელოვან ფაქტზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ ამ ნაწილში საქართველოს დედაქალაქს ბათუმი სჯობნის.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „თიბისი კაპიტალის“ უფროსმა ასოცირებულმა მკვლევარმა სალომე დეისაძემ  განუცხადა, ბათუმში აპარტამენტებს ძირითადად საინვესტიციოდ ყიდულობენ, ხოლო თბილისში უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ძირითადი წყარო, საჭიროებაზე დაფუძნებული შენაძენია.

„ამონაგები მაღალია უძრავ ქონებაზე როგორც თბილისში, ისე ბათუმში, თუმცა სპეციფიკიდან გამომდინარე, ბათუმის ტურისტული დანიშნულებიდან გამომდინარე, აქ უფრო მეტად საინვესტიციო მიზნით ხდება ბინების შეძენა. გარდა ამისა, უძრავი ქონების საშუალო ზომა და ღირებულება ბათუმში ნაკლებია თბილისთან შედარებით, შესაბამისად, როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველია“, - განმარტა სალომე დეისაძემ.

რაც შეეხება უძრავი ქონების გასაქირავებელ ფასებს,  როგორც „თიბისი კაპიტალის“ უფროსმა ასოცირებულმა მკვლევარმა აღნიშნა, აქ კლება ფიქსირდება.

„თბილისში, თებერვალში გასაქირავებელი ფასი კვადრატულ მეტრზე 12 დოლარს გაუტოლდა და წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 5%-ით შემცირდა. ქირაზე ფასების შემცირება მიგრაციის ეფექტით აიხსნება, რომელიც უკვე სრულად ამოწურულია“, -  განაცხადა სალომე დეისაძემ.

მისივე თქმით, „თიბისი კაპიტალში“ ელიან, რომ წელს ქირის ფასი ჯამში 12%-ით შემცირდება, 2023 წელთან შედარებით.

გამოგვყევით