logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა "საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ" საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას მხარი დაუჭირა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა "საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ" საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას მხარი დაუჭირა

1771853012

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ „სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ კანონპროექტი წარადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი ინსტრუმენტების კონსოლიდაციაა. მისივე თქმით, აღნიშნული კონსოლიდაცია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდება, რომელიც კონცეპტუალურად საქართველოს ეკონომიკური განვითარების ბანკად გადაკეთდება.

„საქართველოს განვითარების ფონდის“ ლიკვიდაციის შედეგად საქართველოს ეკონომიკური განვითარების ბანკი შეიქმნება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებს უპასუხებს და სრულყოფილად განახორციელებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

კომიტეტის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის შეფასებით, საქართველოს განვითარების ფონდმა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, მაგრამ დღის წესრიგში რეფორმის აუცილებლობა დადგა. მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების ბანკი ადგილობრივ წარმოებას ეფექტიანად დაეხმარება და მცირე და საშუალო ბიზნესს შეუწყობს ხელს.

„ქვეყნის ეკონომიკის სექტორული განვითარების მიმართულებით ბანკის შექმნა დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. ეს რეფორმა დადებით გავლენას მოახდენს როგორც ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, ასევე ეკონომიკურ ზრდაზე. საბოლოო ჯამში, ეს პროცესი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისა და საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებმა „სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.

გამოგვყევით