ევროკომისიას მივაწოდეთ სრული ინფორმაცია ყულევთან დაკავშირებით და ეს ინფორმაცია ადასტურებს იმას, რომ ყულევში არ ირღვევა სანქციების რეჟიმი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, ევროკომისიის სანქციების მე-20 პაკეტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სანქციების რეჟიმის დარღვევასთან დაკავშირებით არავითარი ფაქტი არ არსებობს და ამ პაკეტში საქართველო არ მოხვდება.
„ჩვენ ევროკომისიას მივაწოდეთ სრული ინფორმაცია ყულევთან დაკავშირებით და ეს ინფორმაცია ადასტურებს იმას, რომ ყულევში არ ირღვევა სანქციების რეჟიმი. ეს არის უტყუარი ინფორმაცია, რომელიც გავუზიარეთ ევროკავშირს, აქედან გამომდინარე, გვაქვს იმედი, რომ ყულევი არ მოხვდება სანქციების პაკეტში. ჩვენ უტყუარი ინფორმაცია მივაწოდეთ ევროკავშირს, რომ სასანქციო რეჟიმი ყულევში არ ირღვევა. ევროკომისიას გავუგზავნეთ შესაბამისი ინფორმაცია და დაველოდოთ ევროკომისიის გადაწყვეტილებას. ლოგიკურად, გამომდინარე იქიდან, რომ ნული ფაქტი არსებობს სანქციების რეჟიმის დარღვევასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ ამ პაკეტში საქართველო არ მოხვდება. სანქციების პაკეტში კონკრეტული სტრატეგიული ობიექტის მოხვედრა ცუდია. ეს გაუხარდა მიხეილ სააკაშვილს. მან გამოთქვა იმედი, რომ ყულევი დასანქცირდება, თუმცა რაც უხარია სააკაშვილის, ის არ უხარია ქართველ ხალხს. რაც „ნაცს“ უხარია, ის არ უხარია ქართველ ხალხს. ექსპორტი გაიზარდა, მაგრამ სასანქციო რეჟიმი არ ირღვევა. შემოდის ნავთობპროდუქტები და გადამუშავების შემდეგ გადის ექსპორტზე“, - განაცხადა პრემიერმა.