აზოტოვანი სასუქი, რომელიც ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია, იანვარში საექსპორტო პროდუქციის ათეულშიც ვერ მოხვდა. მიზეზი რუსთავის აზოტში საწარმოო პროცესის შეფერხებაა. როგორც Indorama Caucasus -ის აღმასრულებელმა დირექტორმა "ბიზნესპარტნიორთან" საუბრისას განმარტა, იანვარში აზოტოვანი სასუქების წარმოება ფაქტობრივად შეჩერებული იყო, შესაბამისად, პროდუქტი ექსპორტზე არ გასულა.
"იანვარში თითქმის 20 დღე გაჩერებული ვიყავით. წარმოებაში გვქონდა შეფერხება. ვერც პროდუქციას ვაწარმოებდით და ვერც გადატვირთვას ვახერხებდით. მიზეზი რამდენიმეა, მათ შორის თანამშრომელთა გაფიცვა და ზამთრის მძიმე კლიმატური პირობების გამო, საწარმოსთვის გაზის მიწოდების შეზღუდვა. იანვრის თვე ფაქტობრივად ჩაგვივარდა."- აღნიშნა ლევან ბურდილაძემ.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე საწარმო სრული დატვირთვით მუშაობს. კომპანიაში ელიან, რომ აღდგება ექსპორტიც. რაც შეეხება აზოტის ღირებულებას, ლევან ბურდილაძის განმარტებით, საერთაშორისო ბაზარზე პროდუქტის ფასები 270 დოლარამდეა შემცირებული.
2025 წელს საქართველოში აზოტოვანი სასუქების ექსპორტით მიღებული შემოსავალი გაიზარდა. წლის განმავლობაში ქვეყნიდან 132.3 მლნ დოლარის ღირებულების 423 663 ტონა მინერალური სასუქი გავიდა ექსპორტზე. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ექსპორტი 11%-ით გაიზარდა.