ავტოიმპორტიორები ცვლილებების მოლოდინში არიან. კანონპროექტი, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილის შეზღუდვას ითვალისწინებს, დილერების შეფასებით, ავტოპარკის განახლების ნაცვლად დაძველების რისკს ქმნის.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ალექსანდრე ვეკუამ - Caucasus Auto-ს კომერციულმა დირექტორმა განუცხადა, საზოგადოების იმ ნაწილს, ვისაც ფინანსურად არ შეუძლია 6 წლის, ან უფრო ახალი ავტომობილის შეძენა, მოუწევს საკუთარი ძველი მანქანის დატოვება და მისი ექსპლუატაციის ვადის გაზრდა, რაც მისივე შეფასებით, ავტოპარკის კიდევ უფრო დაძველებას გამოიწვევს.
ვეკუას თქმით, 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების იმპორტის აკრძალვა, ნეგატიურად აისახება მთლიანად ამ სექტორზე, ვინაიდან შემცირდება ავტომობილების იმპორტი და რეალიზაციაც. გარდა ამისა, შემცირებული მიწოდების გამო, ახალი შეზღუდვა გააძვირებს როგორც უკვე რეგისტრირებულ ძველ ავტომობილებს, ისე ახალ, 6 წელზე ნაკლები ასაკის მანქანებს.
ალექსანდრე ვეკუას თქმით, ავტოდილერებს არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე შეუმცირდებათ გაყიდვები, არამედ რეექსპორტის კუთხითაც გამოწვევების წინაშე დადგებიან.
„მართალია, შეზღუდვა პირდაპირ არ ეხება ქვეყანაში რეექსპორტის მიზნით შემოყვანილ ავტომობილებს, თუმცა ავტოდილერებისთვის რისკები მაინც იზრდება, რადგან მათ შესაძლოა, ამ მანქანების რეალიზაცია საექსპორტო ბაზრებზე დროულად ვერ შეძლონ, შიდა ბაზარზე კი მათ რეგისტრაციას უკვე ვეღარ მოახერხებენ. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ქართველ დილერს აღარ ექნება იმის სტიმული, რომ შემოიყვანოს ავტომობილი რეექსპორტისთვის“, - განმარტა ალექსანდრე ვეკუამ.
მისივე თქმით, ახალი რეგულაცია გავლენას იქონიებს სხვა მომიჯნავე ბიზნესებზეც. მაგალითისთვის, გამოწვევების წინაშე დადგებიან ავტონაწილების იმპორტიორები და სახელოსნოები.
„ამ ცვლილების შემდეგ, სავარაუდოდ, პირველი ერთი წელი საკმაოდ მტკივნეული შეიძლება იყოს ამ სექტორისთვის. სანამ მოთხოვნა მიწოდება ერთმანეთს ზუსტად დაემთხვევა და ბაზარი წონასწორობაში მოვა, ამას რამდენიმე ციკლი დასჭირდება. ამიტომ, საწყის ეტაპზე, ჩვენ ბრუნვის კლებას ნამდვილად ვვარაუდობთ“, - აღნიშნა ალექსანდრე ვეკუამ, Caucasus Auto-ს კომერციულმა დირექტორმა.
შეგახსენებთ, მთავრობის ინიციატივით, 1-ელი აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი წლოვანების M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია. გამონაკლისები ვრცელდება იმ ავტომობილებზე, რომელთა ტრანსპორტირება დაწყებულია 1 აპრილამდე ან რომელიც უკვე შემოყვანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. ასევე, რეგულაცია არ ეხება ელექტრომობილებს.