logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"ეროვნულმა ბანკმა მსოფლიო ბაზრიდან სოლიდური თანხა შეიძინა, რაც შესყიდვის კუთხით უპრეცედენტოა" - ვახტანგ ჭარაია

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პრორექტორის, ვახტანგ ჭარაიას შეფასებით, ეროვნულმა ბანკმა მსოფლიო ბაზრიდან საკმაოდ სოლიდური თანხები შეიძინა, რაც საქართველოსთვის მოკლევადიან პერიოდში შესყიდვის კუთხით შეიძლება, უპრეცედენტოც კი იყოს.

როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში პროფესორი აღნიშნავს, საქართველოში ლარი სტაბილურია, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები კი პირველი 6 თვის განმავლობაში რეკორდული მოცულობისაა.

"ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან დიდ თანხაზეა საუბარი, იმის გათვალისწინებით, რომ რაღაც პერიოდში გარკვეული რისკფაქტორები გვქონდა - შეიძლებოდა ეკონომიკას რყევა ჰქონოდა, მაგრამ ფაქტია, ლარი ისევ სტაბილურია.

დარგობრივად, რომ ჩამოვყვეთ, მაგალითად, ლარი სტაბილურია, ტურისტიდან მიღებული შემოსავლები პირველი 6 თვის რეკორდულია, თუ იყო წლები, როცა $2 მლრდ-ს წელიწადში ვერ ვიღებდით, ახლა ანალოგიური თანხა ტურიზმიდან 6 თვეშია შემოსული, რაც საქართველოსთვის დიდი შემოსავალია. ასევე, ქართული პროდუქციის ექსპორტი ჯანსაღად გვაქვს წარმოდგენილი. ფაქტია, რომ ქვეყანამ ბაზრების დივერსიფიცირება, როგორც გამავალი, ასევე შემომავალი კუთხით მოახერხა და თუ აქამდე კონკრეტულ ქვეყნებზე ვიყავით უფრო დამოკიდებული, ახლა არეალი გაიშალა. მაგალითად, აზიის მიმართულებით საქართველოს ეკონომიკა მეტადაა დივერსიფიცირებული და ზოგადად ხაზს გავუსვამ, ისეთ პროექტებში, სადაც დასავლეთს ჩართულობა არ სურს, აუცილებლად უნდა ჩავრთოთ ისეთი მოთამაშეები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის ხელშეწყობის მსურველი იქნება", - აცხადებს ვახტანგ ჭარაია.

ცნობისთვის, 2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 224.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 5.4 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებაზე ორიენტირებული რჩება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს. მაგალითისთვის, მარტში 101.7 მლნ-ის, აპრილში 266.4 მლნ-ის, მაისში 245.4 მლნ-ის, ივნისში 266.0 მლნ-ის, ივლისში 416.9 მლნ-ის, ხოლო აგვისტოში 199.6 მლნ-ის წმინდა შესყიდვა განხორიელდა. ჯამურად 2025 წლის იანვარ-აგვისტოში წმინდა შესყიდვებმა 1,5 მლრდ შეადგინა.

წმინდა შესყიდვების სექტემბრის სტატისტიკა კი 27 ოქტომბერს გამოქვეყნდება.

გამოგვყევით