ჩვენი პროგნოზით, საშუალო წლიური ინფლაცია 3.0%-ის დონეზეა მოსალოდნელი 2026 წელს, - ამის შესახებ ნათქვამია Galt & Taggart-ის ყოველკვირეული მიმოხილვაში.
მათივე ცნობით, 2026 წლის იანვარში წლიური ინფლაცია 4.8%-მდე გაიზარდა, რაც ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების და შერეული საქონლის ფასების წლიური ზრდის ტემპების დაჩქარებამ განაპირობა.
"იმპორტირებული საქონლის ფასები წლიურად 0.1%-ით შემცირდა, წინა თვის 0.2%-იანი კლების შემდეგ. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, 2.1%-მდე გაიზარდა 2026 წლის იანვარში წინა თვის 1.6%-იანი ზრდის შემდეგ. სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, 2026 წლის იანვარში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (+10.6% წ/წ, +3.55პპ), ჯანდაცვა (+8.3% წ/წ, +0.68პპ), სასტუმროები და რესტორნები (+8.1% წ/წ, +0.26პპ), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (+3.5% წ/წ, +0.23პპ), ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (-1.8% წ/წ, -0.08პპ), დასვენება, გართობა, კულტურა (-2.5% წ/წ, -0.10პპ) და კავშირგაბმულობა (-4.6% წ/წ, -0.15პპ)", - აღნიშნულია მიმოხილვაში