თბილისში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ „ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს მეტი დაკავშირებადობისთვის“ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. ლაშა აბაშიძემ რკინიგზის მოდერნიზაციის მიმდინარე პროექტის შესახებ ისაუბრა.
„ორ პროექტზე მინდა ყურადღება გავამახვილო: პირველი არის რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი და მეორე გახლავთ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი. პირველი პროექტის ფარგლებში, დაახლოებით 10 ხიდი, 6 გვირაბი, მათ შორის ყველაზე გრძელი გვირაბი ( 8 კმ-ზე სიგრძის) სრულად დავასრულეთ და ახალი სარკინიგზო ხაზი გავიყვანეთ. გვქონდა გარკვეული შეზღუდვები სიჩქარესთან დაკავშირებით, სხვა შეფერხებებიც, მაგრამ ახალი პროექტის ფარგლებში ეს ყველაფერი უკვე აღმოფხვრილია. რაც შეეხება ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტს, ის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში - აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ახალ ტერმინალს ახალქალაქში, რომელიც იქნება დამაკავშირებული სექცია ცალკეული ოპერაციების შესასრულებლად. ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტით, ჩვენ ვიღებთ ახალ კავშირებს, რაც შუა დერეფნისთვის ახალი პარტნიორების მოძიების საშუალებას გვაძლევს. ამ პროექტს აქვს შესაძლებლობა, 5 მილიონი ტონა ტვირთი გადაიტანოს ერთდროულად. მომავალი წლიდან დავიწყებთ აქტიურად გაუმჯობესებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის“, - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.
როგორც საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, ამ ორი პროექტით 2027 წლისთვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება უსაფრთხოება და სარკინიგზო გადაზიდვები უფრო სწრაფად განხორციელდება.
„ჩვენ უკვე გადავერთვებით ახალ ხაზებზე, აღარ დაგვჭირდება სიჩქარის შეზღუდვის რეგულაციების გათვალისწინება. მთიან მონაკვეთს გავივლით შეუფერხებლად. შესაბამისად, იზრდება მოცულობა, ტვირთის მიწოდება უფრო დროული იქნება. ამას ძალიან დიდი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე. მოდერნიზიაცია უკვე დასრულებულია, ახლა ვიწყებთ გადართვას ახალ ხაზებზე. დავიწყეთ სატესტო რეჟიმში მუშაობა” - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, თბილისში, დღეს ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22 -23 ოქტომბერს ტარდება და მასში მონაწილეობას მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებენ.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ 2015 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ამ პერიოდის განმავლობაში ფორუმი ჩამოყალიბდა საერთაშორისო ბრენდად და მაღალი დონის პლატფორმად სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისითვის, ასევე ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებისთვის.