„როდესაც ვსაუბრობთ შუა დერეფანზე, მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ ის, ჩამოყალიბდა თუ არა შუა დერეფანი, როგორც ტექნიკური მარშრუტი, არამედ ის, რამდენად ერთობლივად მუშაობს რამდენიმე ქვეყანა ერთი ამოცანით - ეს არის პლატფორმა ქვეყნებს შორის პირდაპირი დიალოგისთვის, ისევე, როგორც, ეს არის კარგი მაგალითი, როგორ შეიძლება გარდაქმნა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი არამხოლოდ ერთ ქვეყანაში, არამედ მთლიანად რეგიონის ან რამდენიმე ქვეყნის მასშტაბში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე „შუა დერეფანი: საიმედოობიდან ეფექტიანობამდე“ მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, შუა დერეფნის მარშრუტი გახდა ძალიან კონკურენტული და ეს გავლენას ახდენს სხვა დარგობრივ მიმართულებებზეც.
„შუა დერეფნის მთელი ხიბლი ის არის, რომ ახალი ინიციატივისას, ან თუნდაც რაიმე ბარიერის მოსაგვარებლად ყველა ვერთიანდებით. ამით ძლიერდება როგორც მარშრუტი, ასევე თითოეული ქვეყანა და ეს არის პროცესი. მარშრუტი გახდა ძალიან კონკურენტული და დღეს თუ ხარ კონკურენტული, ეს გავლენას ახდენს სხვა დარგობრივ მიმართულებებზეც. შუა დერეფანმა წარმოაჩინა საკუთარი თავი, როგორც არაჩვეულებრივმა შესაძლებლობამ და საჭიროებამ. ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც, მნიშვნელოვანი როლი უკავია ტრანსპორტსა და ლოგისტიკას,რადგან ქმნან მნიშვნელოვან ღირებულებას ქვეყნის ეკონომიკისთვის, ზრდის მშპ-ს, ახალ სამუშაო ადგილებს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ხშირად ესმის შეკითხვები კოლეგებისგან, თუ როგორ მოახერხა საქართველომ ასეთი მნიშვნელოვან ეკონომიკური მიღწევები. პასუხად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი განმარტავს, რომ ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს თანმიმდევრულობა, უსაფრთხოება, განჭვრეტადობა და პროგნოზირებადობა.
„ასევე უნდა გავაგრძელოთ ძირითად ინფრასტრუქტურაში ინვესტირება, უზრუნველვყოთ ქვეყანაში სტაბილურობა და გამჭვირვალობა. საქართველო ხელს უწყობს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარებას და ადგილობრივი თუ უცხოელი ვიზიტორებისთვის საფინანსო რესურსზე წვდომას. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნები და ეკონომიკები. მხარს ვუჭერთ ყველა პარტნიორს, რომ მსგავს წარმატებებს მიაღწიონ. ყველა ამბიციური ამოცანა გვაქვს ხელშესახები შედეგის სახით. ეს არის თანამშრომლობის სულისკვეთება დერეფნის ქვეყნებში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.